გიგა ბოკერია - ხელისუფლება იმსახურებს პოლიტიკურ წვალებას და ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს
გიგა ბოკერია - ხელისუფლება იმსახურებს პოლიტიკურ წვალებას და ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს

ხელისუფლება იმსახურებს პოლიტიკურ წვალებას და ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება შედეგი, საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც დაპირდა ივანიშვილი და მისი გუნდი „გავრილოვის ღამის“ და დაღვრილი სისხლის შემდეგ, რაზეც გადააგდო მთელი საზოგადოება.

რაც შეეხება ამ დიალოგს, რა თქმა უნდა ჩვენ მომხრე ვართ ამ დიალოგის გაგრძელების ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. ფორმატი არის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური. ჩვენ ეს ვთქვით ბევრჯერ, მათ შორის, იმ სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები არ მოიწვიეს, ვინც ავანგარდში იყო ამ მოთხოვნის და პროტესტის, მაგრამ ჩვენ არც ერთ საბაბს არ მივცემთ ახლა ივანიშვილის გუნდს, რომელსაც ერთი სული აქვს, რომ ეს მოიშოროს და ჩვენ დაგვაბრალოს ეს.

არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად, მაგრამ ისინი იმსახურებენ პოლიტიკურ წვალებას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ „პოლიტიკურ წვალებას“ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, მანამ ვიდრე საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა, მათ შორის დაღვრილი სისხლით და რის დაცვასაც აპირებს ბოლომდე“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

მისი თქმით, შეხვედრაზე ორი მთავარი საკითხი დაისვა.

„იყო „გერმანული მოდელი“, რაც არის გზა სწრაფად საზოგადოების მიმართ გამოჩენილი შეურაცხყოფის უკან წაღებისა და იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა სწრაფად, რამდენიმე კვირაში. მეორე საკითხი იყო პოლიტპატიმრები – „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაკავებულების. ეს ორი საკითხი ბევრ სხვა საკითხთან ერთად არის საკვანძო, რომ საერთოდ ვილაპარაკოთ ნაბიჯებზე ნორმალიზაციისკენ, რაც ჩვენ გვინდა. ოღონდ, არ ვაპირებთ მათ მძევლად ყოფნას, ანუ ივანიშვილის მძევლად ყოფნას – იცი, რა, ცუდად მოვიქცევით და ახლა თქვენ გვიპასუხებთ თუ არა, დაიძაბება ვითარება. მდგომარეობა დაძაბულია, ამიტომ დიდხანს მოუწევთ ასე პოლიტიკური წვალება, აქაც და რაც მთავარია, ქართული საზოგადოების წინაშე, ქუჩაშიც, მშვიდობიანი პროტესტით, ეს გარდაუვალია.

რაც შეეხება „გერმანულ მოდელს“, ჩვენ შევთავაზეთ ბევრი ვარიანტი, უნდათ რომ გავავგაზვნოთ, რაზეც ვერ ვთანხმდებით და პასუხი არის ან დუმილი, ან „ბლა ბლა ბლა“, რადგან პასუხი არ აქვთ, ამიტომ იწვალონ, სანამ მათი უფროსი გონს არ მოეგება და მერე, მისი გონს მოგების შედეგად, აქ შესრულდება პირობა საზოგადების წინაშე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.