გიგა ბოკერია - დღევანდელ აქციაზე შემდეგი აქციების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდება
გიგა ბოკერია - დღევანდელ აქციაზე შემდეგი აქციების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდება

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სამი საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციამდე, ოპოზიციონერი ლიდერები კონსულტაციებს მართავენ.

გიგა ბოკერიას თქმით, დღევანდელ აქციაზე შემდეგი აქციების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდება.

„დაიწყო კონსულტაციები ჩვენ შორის, შემდგომი აქცია როდის და სად იქნება. იქნება ასევე პოლიტიკური პარტიების შიგნით მობილიზაცია და მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია. სამ საათზე გამოცხადდება შემდეგი აქციების შესახებ გადაწყვეტილება.

კატასტროფული ნაბიჯის შემდეგ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გადადგა, კატასტროფულის მისთვის და ძალიან დრამატულად საზიანო ქვეყნისთვის, ჩვენ ვთვლით, რომ მთავარი ინსტრუმენტი, საზოგადოების ვალდებულება არის პროტესტის გამოთქმა ქუჩაში. რა თქმა უნდა, ასევე, საქართველოს და ჩვენი მეგობრების წნეხი ქვეყნის გარედან, მაგრამ ამ მიმდევრობით. სწორედ ამიტომ, დღესვე არის პირველი აქცია და ეს აქციები გაგრძელდება, ვიდრე ვითარება არ შეიცვლება, არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, პირველ რიგში, მელია, ასევე ადრე ციხეში ჩატოვებული რურუა; არ გვექნება სვლა ვადამდელ არჩევნებამდე. მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს საუბარი საერთოდ“, – აცხადებს ბოკერია.

ამასთან, ბოკერიას თქმით, „ოლიგარქები და მათი გარემოცვა ძალიან ცუდად ამთავრებენ“.

„ღარიბაშვილი, როგორც ივანიშვილის ყველაზე უფრო აგრესიული და სამარცხვინო კლოუნი ქვეყანას დიდი საფრთხის წინაშე აგდებს. ჩვენი ვალია, ამას დავუპირისპიროთ საპროტესტო აქციები. დარწმუნებული ვარ, მას და ამ რეჟიმს ელოდება საქართველოს მხარდამჭერებისგან ყველა ლეგიტიმური პრობლემა. ოლიგარქები და მათი გარემოცვა ძალიან ცუდად ამთავრებენ, როცა ამ გზას ბოლომდე მიყვებიან. ამ გზაზე უზარმაზარი ნაბიჯი გადადგეს დღეს სამარცხვინო ძალადობრივი აქციით“, – აცხადებს გიგა ბოკერია.