გიგა ბოკერია - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს აქვს მყარი პოზიცია, რომ ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები
გიგა ბოკერია - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს აქვს მყარი პოზიცია, რომ ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები

მდინარაძე უბრალოდ ტყუის, რომ ვინმემ რამე პოზიცია დაიკავა ამ დისკუსიაში, საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ასე არ იქცევიან რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

„ერთადერთი, რაზეც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აქვს მყარი პოზიცია და რაც უკვე ითქვა, ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და რომ საქართველოს აქვს პრობლემა, სჭირდება სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიფინგი გამართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებითაც. „ჩვენ ვთქვით, რომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი საქართველოს დემოკრატიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

ამ ბრიფინგთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით მნიშვნელოვანია, პროცესი კვალავაც კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში წარიმართოს. ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ოპოზიციისთვის, რომ ისინი უნდა მოემზადონ მეორე ტურისთვის, პროცესი გადაიტანონ კონსტრუქციულ რეჟიმში, უარი თქვან რადიკალურ დღის წესრიგზე, პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან“.