გიგა ბოკერია - აქციები საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს
გიგა ბოკერია - აქციები საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა არის ვადამდელი პროპორციული არჩევნები და მწვავე საპროტესტო აქციების სრული მხარდაჭერა.

„აქციები საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს. ზოგჯერ აქციებს სჭირდება მეტი დრო, რომ შედეგი გამოიღოს, ზოგჯერ – ნაკლები, მაგრამ საბოლოო ჯამში, შეუძლებელია, რომ ამ წნეხს გაუძლოს ისეთმა უხერხემლო რეჟიმმა, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია. თავის დროზე ვერ გაუძლო წნეხს, მათ შორის შიდა წნეხს და გარე წნეხს, დაპირდა საზოგადოებას, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადადიოდა. მერე ჩაატარა კვლევები და ნახა, რომ აგებს არჩევნებს და აგონიაში მიიღო ეს გადაწყვეტილება. ახლა მოუწევს შეგუება იმასთან, რომ ამას არ გადაყლაპავს ქართული საზოგადოება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ოპოზიციის გაერთიანების გზავნილია, რომ უნდა იყოს ვადამდელი პროპორციული არჩევნები და ნებისმიერი გზა, რომელიც ქვეყანას აქამდე მიიყვანს, მათთვის მისაღებია.

„როცა გვეკითხებიან, სწრაფად როგორ შეიძლება გაკეთდეს, ყველაზე სწრაფი გზა არის 76 ხმით ე.წ. გერმანული მოდელი, სადაც მაჟორიტარები არსებობენ, მაგრამ ჯამში ყველა პარტია იღებს მარტო იმდენ ადგილს, რამდენსაც მიიღებს მთელ ქვეყანაში. ამიტომ, ბუნებრივია, ამ პარტიებისთვის ნებისმიერი გზა, რომელიც მოგვიტანს ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, არის მისაღები და „გერმანული მოდელი“ არის უბრალოდ ყველაზე სწრაფი გზა ამისთვის. თან, კიდევ უფრო შიშვლდება ივანიშვილის უტიფარი სიცრუე“, – აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, საპროტესტო აქცია უნდა დაინახოს ხელისუფლებამ მთელ საქართველოში.

„ერთი საპროტესტო აქცია კი არა, საჭიროა წყება მწვავე აქციების და იმ რადიკალიზაციის, საითაც თვითონ ივანიშვილმა წაიყვანა ქვეყანა და ეს გზა საბოლოო ჯამში მისთვის არის საშიში, პერსონალურად საშიში. დროზე მოეგოს გონს და სწრაფად გააკეთოს ის, რაც სჭირდება ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.