გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ვითარება არ შეცვლილა
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ვითარება არ შეცვლილა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ვითარება არ შეცვლილა. ამის შესახებ ბოკერიამ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არაფერი არსებითად არ შეცვლილა იმ ვითარების შემდეგ, როცა ბოლოს გესაუბრეთ. ვითარება თუ შეიცვლება, ანუ თუ ბატონი ივანიშვილი გონს მოვა და გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, რომ სიტუაცია განიმუხტოს, ყველამ იცის ჩვენი პოზიცია. განმუხტვას სჭირდება ორი რამ – ერთი არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მეორე – გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნიშნავს. ეს თუ მოხდება, მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია არის მოწადინებული, განიმუხტოს ეს ვითარება. იმდენი წინადადება დავუდეთ მაგიდაზე ამისთვის, ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს. შედეგი თუ გვექნება, აუცილებლად გაგაგებინებთ დიდი სიხარულით“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, თუკი ვითარება არ შეიცვლება, მოემზადებიან არჩევნებისთვის „ქვეყნისთვის ამ ცუდ ვითარებაში“.

„რაუნდები და მოლაპარაკებები, როდესაც ცვლილება არ არის ივანიშვილის ქმედებებში, ვერ შედგება“, – აღნიშნა ბოკერიამ.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიწვევით ვახშამი გაიმართა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.