გიბრალტარის ნაკრების მწვრთნელი - ჩვენი ბოლო მატჩის შემდეგ საქართველო გაძლიერდა #1TVSPORT
გიბრალტარის ნაკრების მწვრთნელი - ჩვენი ბოლო მატჩის შემდეგ საქართველო გაძლიერდა #1TVSPORT

გიბრალტარის ნაკრები თბილისშია და 2 ივნისს „დინამო არენაზე“ საქართველოსთან დაგეგმილი ერთა ლიგის მატჩისთვის ემზადება, რომელიც ამ გუნდისთვის სადებიუტო იქნება.

სტუმრებმა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო -არენაზე“ ივარჯიშეს, ხოლო გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულიო რიბასმა პრესკონფერენცია გამართა:

„საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და დიდი ტრადიციები გააჩნია. ჩვენი ბოლო შეხვედრების შემდეგ თქვენი გუნდი უფრო გაძლიერდა. ჩვენს ბირთვს ახალგაზრდა ფეხბურთელები შეადგენენ და მათი მაქსიმალური განვითარება გვსურს. თუმცა არიან ფეხბურთელი იმ შემადგენლობიდან, რომლითაც ბოლოს საქართველოს ვეთამაშეთ.

– ჩვენ თქვენზე ბევრად მწირი რესურსები გაგვაჩნია, ქართველი ფეხბურთელები კი ევროპის სხვადასხვა ლიგაში თამაშობენ, მაგრამ გვსურს, რომ საუკეთესო გუნდებს შევხვდეთ, რათა ჩვენი ახალგაზრდული  გუნდი განვითარდეს. ჯგუფს რაც შეეხება, თანაბარი გუნდებია და მატჩების შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. საქართველოსთან რთულ მატჩს ველოდებით, ისევე როგორც სხვა ყველა გუნდთან. მთავარია, ფეხბურთელებმა საჭირო გამოცდილება მიიღონ“, – განაცხადა ხულიო რიბასმა.

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრები გუნდების შეხვედრა 2 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება – მატჩი 20:00-ზე დაიწყება.