გიბრალტარი გადაჭრილი მთაა და კონფერენს ლიგაზე გუნდი ჰყავს, ჩვენ კი ამაზე ისევ ვოცნებობთ - „ჯვაროსნების“ ექსმწვრთნელმა ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ილაპარაკა #1TVSPORT
გიბრალტარი გადაჭრილი მთაა და კონფერენს ლიგაზე გუნდი ჰყავს, ჩვენ კი ამაზე ისევ ვოცნებობთ - „ჯვაროსნების“ ექსმწვრთნელმა ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ილაპარაკა #1TVSPORT

„ჩემი აზრით, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებას ლევანდოვსკი ან ბენზემა იმსახურებენ“ – ამ თემასა და ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ჩვენი ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.

კვიპროსული კლუბის ქართველი მწვრთნელის აზრით, ეს ორი ფეხბურთელი განვლილი წლის გმირები იყვნენ: 

„ამ ორმა ფეხბურთელმა თავი ძალიან გამოიჩინა. ბენზემა 10 წელია „რეალში“ საუკეთესო ფეხბურთელია. პლუს, ნაკრებში დაბრუნდა, კარგი თამაშები ჩაატარა და ამის დახმარებით ბევრი შეხვედრა მოიგეს. ლევანდოვსკიმ კი იმდენი გოლი გაიტანა – მე მგონია, რომ „ოქროს ბურთს“ ამ ორიდან ერთ-ერთი აიღებს. მესი და რონალდუ? შეიძლება, სულ ამ ორიგვარით ხალხი დაიღალა და რაღაც ახალი უნდათ“.

ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილ მოლდოვურშერიფზეც“ ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ქართული კლუბებისთვის მაგალითი გახდება: 

„ეს კარგი მაგალითია. ჯგუფში შესვლამდე სერიოზული გუნდები გააგდო და კარგი მაგალითია. კონფერენს ლიგაზე გიბრალტარის გუნდი თამაშობს – გიბრალტარის გუნდი! ერთი გადაჭრილი მთა არის, მეტი იქ არაფერია! ჩვენ კი ამდენი წელიწადია, ვოცნებობთ და ვნატრობთ, რომ რომელიმე ტურნირის ჯგუფში ერთი ქართული გუნდი მაინც მოხვდეს. აგერ, კვიპროსი კონფერენს ლიგის ჯგუფში უკვე ორი გუნდით გამოდის. სამწუხაროა, რომ წლებია ეს მოლოდინი მოლოდინად რჩება“.

მისი თქმით, გუნდის წარმატებისთვის მთავარი მხოლოდ ფინანსები არა არის:

„რა თქმა უნდა, ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ ორგანიზაციაც უნდა იცოდე, რა გააკეთო და არ გააკეთო. ფეხბურთელები ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში თუ მიდიან, რატომ არ შეიძლება ჩვენთან ჩამოვიდნენ? საქართველო მშვენიერი ქვეყანაა და ვინც ერთხელ არის ნამყოფი, ოცნებობს, რომ მეორედაც მოხვდეს. რატომ არ შეიძლება, რომ ძლიერი გუნდები გაკეთდეს ბათუმში, ქუთაისში თუ თბილისში? კარგ დროსაც გაატარებენ და ფეხბურთსაც ითამაშებენ“.

ვლადიმერ გუცაევი, „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თანაწამყვანი: 

„მთავარი მაინც ფინანსები მგონია. აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და მოლდოვაში თუ მიდიან, იქ იხდიან ისეთ თანხას, რომ აფრიკიდან ძლიერი ფეხბურთელი ჩამოვიდეს. სამწუხაროდ, ქართულ კლუბებს ამის ფუფუნება არ აქვთ“.

თემურ ქეცბაია: „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარე და რას შეუძლია, საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გატანა რას შეუძლია. ჩვენთვის ეს სპორტი და ხელოვნებაა. ამას ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს. მე ვიცი მაგალითად, სერბეთში ორი ძლიერი გუნდია, „პარტიზანი“ და „ცვერნა ზვეზდა“ – ამათ სახელმწიფო აძლევს ფულს, რომ კარგი გუნდი გააკეთონ და ევროპულ თამაშებზე მიიღონ მონაწილეობა. საქართველოში სახელმწიფომ ფეხბურთში ბოლო წლებში ბევრი ფული ჩადო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფული ისე დაიკარგა, რომ არანაირი წინსვლა არ არის. მარტო ფული არაა. ის ხალხიც უნდა გყავდეს, რომ ამ ფულს კარგი მიმართულება მისცეს. თუმცა, მეორეც არის – ეს ფული ფეხბურთელებს ჩამოსაყვანად საკმარისიც არ იყო და იმიტომ ჩაიდო, რომ ჩემპიონატი დაემთავრებინათ და გუნდები არ გაჩერებულიყვნენ, მაგრამ ამ ფულით გუნდებს ფეხზე ვერ დააყენებ“.

„ქართულ გუნდთან დაკავშირებული სერიოზული პროექტი რომ შემოგთავაზონ, დაბრუნდებით საქართველოში?“ თემურ ქეცბაიამ უპასუხა: „მე ახლა რა საქმესაც ვაკეთებ, ძალიან მიყვარს, ასეთ პროექტებში მონაწილეობაც ადვილი არ არის“.