გია ვოლსკი - ვოლინკინზე მას შემდეგ ვისაუბროთ, რაც მისი საკითხი გადაწყდება
გია ვოლსკი - ვოლინკინზე მას შემდეგ ვისაუბროთ, რაც მისი საკითხი გადაწყდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკების პროცესში მონაწილე არც გრიგორი კარასინი და არც ნებისმიერი სხვა პირი, რა გვარიც უნდა იყოს, კეთილგანწყობილი და საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი არ იქნება.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ივან ვოლინკინის კანდიდატურის განხილვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ამ პირზე კომენტარების გაკეთება ნაადრევია.

„იცხაკ რაბინი და იასირ არაფატი მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად ისხდნენ, თუმცა ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი არ იყვნენ. ჩვენ რას ვემხრობით, მოლაპარაკებები გვინდა თუ არა? მოლაპარაკებები გვინდა, თუ ფონს საფლავების გინებით უკეთესად გავალთ? პერსონა ნონგრატად ნებისმიერი ადამიანის გამოცხადება შეიძლება, რადგან საოკუპაციო ძალას წარმოადგენენ. მოლაპარაკებების იდეა ის კი არ არის, რომ პერსონალიებზე დავიდეს, არამედ სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებები არსებობდეს. თუ ვოლინკინზე გაინტერესებთ, ამაზე მას შემდეგ ვისაუბროთ, რაც მისი საკითხი გადაწყდება ან არა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დაკავებული პოსტის დატოვებას ასაკის გამო გეგმავს.