გია ვოლსკი - ვაშაძემ საკუთარ განცხადებებში გადააჭარბა, პიარტექნოლოგები ცდილობენ, ეს შეარბილონ, რადგან მუქარა აშკარაა 
გია ვოლსკი - ვაშაძემ საკუთარ განცხადებებში გადააჭარბა, პიარტექნოლოგები ცდილობენ, ეს შეარბილონ, რადგან მუქარა აშკარაა 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე რეალურია. გია ვოლსკი დესტაბილიზაციის თაობაზე თანაგუნდელების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ კონსტიტუცია არაფერ შუაშია და როგორც კი საშუალება მიეცემა, საზოგადოების მობილიზაციასა და სახელისუფლებო სტრუქტურებთან დაპირისპირებას მოახდენს.

„მისი რუსული პიარბრიგადა პირდაპირ აცხადებს, რომ რევოლუცია იქნება. კითხვა – კახა კალაძის ან ირაკლი კობახიძის მხრიდან დესტაბილიზაციაზე განცხადება რის საფუძველზე კეთდება, გაურკვევლობას იწვევს. რასაკვირველია, „ნაციონალები“ იტყვიან, რომ არაფერს აპირებენ, მაგრამ ვაშაძემ საკუთარ განცხადებებში გადააჭარბა და ახლა პიარტექნოლოგები ცდილობენ, ეს გადაჭარბება რაღაცნაირად შეარბილონ და ჩრდილქვეშ მოაქციონ, რადგან მუქარა აშკარაა. ამის სახელმწიფოს არ ეშინია, მაგრამ საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შიშების პოტენციალი არსებობს.

ანალიზი აჩვენებს, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე რეალურია და არა იმიტომ, რომ შკლიაროვია ჩამოსული ან ვაშაძეა რუსული ნომენკლატურა. მთავარი თემა ისაა, რომ საქართველოს მიმართ საერთაშორისო დაინტერესებაა, ამერიკისა და ევროპელი ლიდერების ვიზიტები გაიმართა, ასევე სატრანზიტო რესურსში ჩინეთის დაინტერესებაც ჩანს.

ეს რუსეთს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის და ვაშაძის მივლინება-მოვლინების მთავარი თემა ესაა. მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლებიან, ეს ყველაფერი დაყრდნობილია გარკვეულ გეგმაზე. ბრტყელ-ბრტყელი წამოძახებები არაფერ შუაშია, სიღრმისეულად უნდა დაინახოთ, საქმე რასთან გვაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.