გია ვოლსკი - უზნეობაა მტკიცება, რომ ვანო ზარდიაშვილის ხელით ​უმრავლესობამ ეკა ბესელიაზე შეტევა მიიტანა
გია ვოლსკი - უზნეობაა მტკიცება, რომ ვანო ზარდიაშვილის ხელით ​უმრავლესობამ ეკა ბესელიაზე შეტევა მიიტანა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ უზნეობაა იმის მტკიცება, თითქოს ვანო ზარდიაშვილის ხელით ​უმრავლესობამ ეკა ბესელიაზე შეტევა მიიტანა. მისივე თქმით, ეკა ბესელიას შეუძლია, ეთიკის საბჭოს მიმართოს ზარდიაშვილის გამონათქვამებზე.

„ვისაც რაიმე ფაქტები აქვს, გამორიცხულია, რომ არ ილაპარაკოს, რადგან საზოგადოების წინაშე ვალდებულება გვაქვს. უზნეობაა იმის მტკიცება, რომ ვანო ზარდიაშვილის ხელით ​უმრავლესობამ ეკატერინე ბესელიაზე შეტევა მიიტანა, ეს პოლიტიკური უზნეობაა და გარკვეულ პოლიტიკურ პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურება. სამწუხაროდ, დეპუტატებს შორის ასეთი შეძახილები და შეხლა-შემოხლის ეპიზოდები ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას ახლავს და მომავალში ან დარეგულირდება ან ისეთი გზით გაგრძელდება, რაც დემოკრატიას ახასიათებს.

ეკა ბესელიას შეუძლია, ეთიკის საბჭოს მიმართოს ზარდიაშვილის გამონათქვამებზე. ეს სიძულვილის ენაა და გაცილებით მძიმე შეფასებებით გაგვიგია, რაც კარგი არ არის. თუ ვინმეს რამე გააჩნია, ვანო ზარდიაშვილი იქნება თუ სხვა, ისეთი მასალა, რაც სახელმწიფოს აზიანებს, მით უმეტეს, თუ ფინანსურად და პოლიტიკურად აზიანებს, შესაბამისი ორგანოების მისამართი იციან და მიაკითხონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის წარმომადგენელმა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატი ეკა ბესელია კორუმპირებულობაში დაადანაშაულა. ამასთან, აღნიშნა, რომ ბესელია „ვირთხაა“ და ინფორმაცია გაჰქონდა უმრავლესობიდან. ეკა ბესელიამ გუშინ განაცხადა, რომ ამის გამო, ეთიკის საბჭოს მიმართავს.