გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ძალიან სწორ აქცენტებზე იყო აგებული
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ძალიან სწორ აქცენტებზე იყო აგებული

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დღეს მთავარი თემა არის განვითარება, სტაბილურობა და ის მძიმე შედეგები, რასაც ოკუპაცია იწვევს. ვოლსკი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ფართოდ და სიღრმისეულად გაანალიზა სიტუაცია.

„საზოგადოებას ვერ ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ სჭირდება შეხსენება ამ თემის, მაგრამ რეალურად, როდესაც ამ დონეზე იხილება ეს საკითხები, რასაკვირველია, ეს არის ის საბრძოლო რესურსი, რაც დღეს საქართველოს აქვს და ამ მხრივ, გამოსვლა იყო ძალიან სწორ აქცენტებზე აგებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც, რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსი დეპუტატის კითხვას შემდეგი პასუხი გასცა:„საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც უნდა უმასპინძლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მაისში. ამ ღონისძიებისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც ჩვენი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს. ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ იღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“.

გია ვოლსკის თქმით, რთულია თემა, რომელიც შეეხება რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ჩამოსვლას.

მისი თქმით, თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს უფლება, შეზღუდოს რომელიმე დელეგაციის ჩამოსვლა.

„ამავდროულად, ჩვენ უნდა გავიაროთ კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან და განვსაზღვროთ, ავწონ-დავწონოთ მოსალოდნელი გართულებებიც და შევაფასოთ ჩვენი რესურსიც, რათა ეს გართულებები არ გადაიზარდოს ჩვენი ვალდებულებების შეუსრულებლობაში საერთაშორისო ფორუმის წინაშე.

ამ ორი საკითხის ერთმანეთთან შეჯერება მხოლოდ დამატებით სკანდალურ თემას მოუტანს პოლიტიკური პარტიების ყოველდღიურ დაპირისპირებას. ჩვენ უფრო სერიოზულად და სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ სიტუაცია, მათ შორის ჩვენ კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.