გია ვოლსკი - „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში მთავარი თემა ტრანზაქციაა, რომელიც დიდ თანხას ეხება და საკმაოდ საეჭვო ვითარებაში განხორციელდა
გია ვოლსკი - „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში მთავარი თემა ტრანზაქციაა, რომელიც დიდ თანხას ეხება და საკმაოდ საეჭვო ვითარებაში განხორციელდა

პროკურატურამ წერილის შესწავლა შეწყვიტა, რამდენადაც ხაზარაძემ ვერ დაასახელა, ვინ გადასცა​ წერილი, – განაცხადა ​პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი თემა ტრანზაქციაა, რომელიც საკმაოდ დიდ თანხას ეხება და საკმაოდ საეჭვო ვითარებაში განხორციელდა.

​​„წერილის შესწავლა პროკურატურამ შეწყვიტა, რამდენადაც ხაზარაძემ ვერ დაასახელა, ვინ გადასცა ის, ვინ იყო მესამე პირი. შს მინისტრმა რა თქმა უნდა, უარყო კავშირი ამ წერილთან. დამატებით მიდის თუ არა გამოძიება, ვფიქრობ, მეტი ინტერესი რომ გამოიჩინოთ ამ საკითხის მიმართ, უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

მთავარი თემა ტრანზაქციაა, რომელიც საკმაოდ დიდ თანხას ეხება და საკმაოდ საეჭვო ვითარებაში განხორციელდა, სავარაუდო დარღვევა არსებობს. ამან გამოიწვია ის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც მნიშვნელოვნად უწყობთ ხელს მათ შორის თქვენც და არაფერი არ არის გასაკვირი, თუ პროკურატურა ამ მნიშვნელოვან დარღვევას უფრო ინტენსიურად იძიებდა. მეორე ნაწილი, სადაც ჯერჯერობით პოლიტიკური შეძახილების გარდა არაფერი ისმის, შესაძლოა, ნაკლები ინტენსივობით აქცევს ყურადღებას, თუმცა ამის თაობაზე არ მაქვს ინფორმაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა და ხელმოწერა.