გია ვოლსკი - ოპონენტების უსუსური მცდელობაა, ოქრუაშვილი პოლიტიკურ შარავანდედში გახვიონ, რომელსაც იგივე წონა აქვს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ სატელიტ პარტიას
გია ვოლსკი - ოპონენტების უსუსური მცდელობაა, ოქრუაშვილი პოლიტიკურ შარავანდედში გახვიონ, რომელსაც იგივე წონა აქვს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ სატელიტ პარტიას

ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკურ ოლიმპზე მყოფი ადამიანის ფიგურას არ წარმოადგენს, რომელსაც შეიძლება, ხელისუფლება რაღაც პოლიტიკური მიზნისთვის ედავოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენლების შეფასებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლების ოპონენტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ ადვოკატს სრული რესურსი ჰქონდეს, ოქრუაშვილი სასამართლოს წინაშე დაიცვას.

„რასაკვირველია, ვერ შეძლებენ ვერც კადრების გაქრობას, ვერც შეტევის და შტურმის, სადაც ის მონაწილეობდა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ შესაბამის განცხადებებსაც აკეთებდა. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები რა განცხადებებს აკეთებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი საკითხია დასადგენი, არის თუ არა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილი. თუ ნამდვილია, ოქრუაშვილს არ ამართლებს ის, რომ უკანონო გზებით ფული მოიპოვა და მას „რუსთავი 2“-ის შესაძენად გადასცა. თუ ეს ხელმოწერა ნამდვილი არ არის, ოქრუაშვილი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, რადგან თაღლითობის სხვა მეთოდია. ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკურ ოლიმპზე მყოფი ადამიანის ფიგურას არ წარმოადგენს, რომელსაც შეიძლება, რაღაც პოლიტიკური მიზნისთვის ხელისუფლება ედავოს. ფაქტი სახეზეა და ამის უარყოფა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია“, – აცხადებს გია ვოლსკი.

ვოლსკის მოსაზრებით, ხელისუფლების ოპონენტების უსუსური მცდელობაა, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკურ შარავანდედში გახვიონ, რომელსაც იგივე წონა აქვს, რაც ნებისმიერ სატელიტ პარტიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მოძრაობს და ფაქტიურად, ერთკაციან პარტიებს წარმოადგენს.

„პიროვნული დამცირება არ მინდა, მაგრამ რეალობა ასეთია. ის, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ლიდერია, ინდულგენცია არ ეკუთვნის. ოქრუაშვილი შიგნით იქნება თუ გარეთ, რას იზამს – პარტიას გაამრავლებს, თუ კიდევ უფრო მეტ სისულელეს იტყვის, რაც აქამდეც საკმაოდ ბევრი თქვა?! რასაც ეგ ადამიანი თავის თავზე საუბრობს, მაშინაც კი არ მინახავს, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიჭირა და თავის გასათავისუფლებლად ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. იმასთან შედარებით რაც ილაპარაკა, ეს გაცილებით უფრო დიდი და მრავალფეროვანია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.