გია ვოლსკი - იკვეთება ოქუაშვილის ინტერესი, რომ ბიუჯეტში ფული არ გადაიხადოს
გია ვოლსკი - იკვეთება ოქუაშვილის ინტერესი, რომ ბიუჯეტში ფული არ გადაიხადოს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ მოვლენებში ჯერჯერობით ზაზა ოქუაშვილის ინტერესები იკვეთება, რომ არ გადაიხადოს გადასახადები.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, ეს არის ის ზღაპარი, რომელსაც საქართველოში და არა მარტო საქართველოში არ დაიჯერებენ.

„უცნაურად მეჩვენება კითხვა, ვისი ინტერესები იკვეთება. ჯერჯერობით, რომ ვუყურებ, იკვეთება ოქუაშვილის ინტერესი, რომ ფული არ გადაიხადოს ბიუჯეტში, სხვა ინტერესს ვერ ვხედავ. თითქოს, ივანიშვილი ოთხი მილიონის გადახდას აიძულებდა – ეს არის ზღაპარი, რომელსაც საქართველოში და არა მარტო საქართველოში არ დაიჯერებენ. რეალურად, თემა იქ არის ფულის გათეთრების, გადარიცხვისა და უცნაური გატანა-გამოტანის. სწორედ ეს არის საკითხი, რომელიც იფარება ხშირშემთხვევაში სკანდალური განცხადებებით და რაღაც ჩანაწერების დემონსტრირებით.

„თიბისი ბანკი“ თავის განცხადებას გააკეთებს, მაგრამ ფინანსთა მინისტრი უნდა გამოვიდეს და ამას უპასუხოს. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გაახსენოს, რამდენად მასშტაბურია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობა, გინდა საგადასახადო პოლიტიკის თვალსაზრისით და გინდა ორგანიზაციული თვალსაზრისით; რამდენად დიდია იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც მიიღო სერიოზული ბენეფიტები ამ დათმობით და სახელმწიფო პოლიტიკით.

ასე რომ, უნდა შეადარონ მისი გამონათქვამები იმ გამონათქვამებს, რასაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტებისგან ვისმენთ. პასუხები სჭირდება ყველაფერს. ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ არაერთხელ მიიღეს რესტრუქტურიზაციაზე გადაწყვეტილება და ამდენჯერვე მიიღეს დადებითი პასუხი, თუმცა გადასახადიდან არც ერთი ცენტი არ შეუტანიათ სახელმწიფო ბიუჯეტში“, – განაცხადა ვოლსკიმ.