გია ვოლსკი - ერეკლე კუხიანიძის გამონათქვამი ვაჟა გაფრინდაშვილზე არასწორი პოლიტიკური შეფასება და უზრდელობაა
გია ვოლსკი - ერეკლე კუხიანიძის გამონათქვამი ვაჟა გაფრინდაშვილზე არასწორი პოლიტიკური შეფასება და უზრდელობაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილზე გაკეთებული გამონათქვამი არასწორი პოლიტიკური შეფასება და უზრდელობაა, რაზეც აუცილებლად ბოდიში მოსახდელია.

ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკი თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, უნდა დადგეს თუ არა ერეკლე კუხიანიძის პასუხისმგებლობის საკითხი, ეს მშრალად და არასწორად დასმული კითხვაა.

„უნდა დადგეს თუ არა იმ დეპუტატების პასუხისმგებლობა, ვინც იგინება და მათ შორის არიან ქალბატონები? უნდა დადგეს თუ არა პასუხისმგებლობა იმ ქალბატონების, რომლებიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ქიმიურ ნივთიერებას ასხამენ? – ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ, მათგან დღეს გაკეთებული განცხადებები გასათვალისწინებელი არ არის. რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილზე გაკეთებულ გამონათქვამს, ეს არის არასწორი პოლიტიკური შეფასება და უზრდელობა, რაზეც აუცილებლად ბოდიში მოსახდელია. კარგია, რომ ამას თავად მიხვდა. რაც შეეხება სხვა ისტორიული მომენტების შეფასებას, თუნდაც პოლიტიკურ პროცესებს, აქაც სიღრმისეული შეცდომებია დაშვებული. თუ არა ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვა გმირები საქართველოს ისტორიაში, ერს თავისი იდენტიფიცირება და ისტორიული მახსოვრობა არ ექნებოდა.

ის ერი და ეროვნული მახსოვრობა არ იქნებოდა, რაც გაგვაჩნია და ითვლება არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ერისთვის ეროვნულობის მთავარ გამოხატულებად და პოზიციად. ეს არის საამაყო ისტორიული მომენტები. ეს მომავალი თაობისთვის საგანგებო მნიშვნელობისაა, რათა ჩვენში პატრიოტული სული გაიზარდოს“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ვოლსკი ფიქრობს, რომ ერეკლე კუხიანიძის განცხადებები პარტიას არ აზიანებს, პარტია არაფერ შუაშია და ეს ყველაფერი მისი პიროვნული მოსაზრებაა.

„ყველა ადამიანსა და პარტიას მოვუწოდებდი, უზრდელური ლაპარაკისგან თავი შეიკავოს. თუ ისტორიულ საკითხებზე ჩემსა და ერეკლეს შორის პოზიცია განსხვავებულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერეკლეს ღირსება ან პატრიოტობა აკლია. მისი შეფასებები სხვა არის, ეს პოლიტიკური პარტიის შეხედულებას ან მის პოზიციას არ ეხება. რაც შეეხება საკრებულოში მიმდინარე პროცესებს, რასაკვირველია, ეს პოლიტიკური ფანდებია. ერეკლესაც უნდა სცოდნოდა, რომ ამას მოწინააღმდეგე გამოიყენებდა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. სამარცხვინოა, როდესაც ადამიანები, რომლებიც გეგმავენ და ახორციელებენ პარლამენტში ჩადენილ აქტს, რომელიც ქიმიური შეტევის კვალიფიკაციასთან ძალიან ახლოს არის და ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ ზღვარგადასულ უზრდელობას, ახლა ერეკლე კუხიანიძეს აკრიტიკებენ. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.