გია ვოლსკი - დავით უსუფაშვილი პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, ბევრი სისუსტეც გამოავლინა, თუმცა ღირსეული ადამიანია და ვფიქრობ, მეტოქეც ღირსეული იქნება
გია ვოლსკი - დავით უსუფაშვილი პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, ბევრი სისუსტეც გამოავლინა, თუმცა ღირსეული ადამიანია და ვფიქრობ, მეტოქეც ღირსეული იქნება

დავით უსუფაშვილი პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, მაგრამ მისი გადასვლა პოლიტიკურ ფორმატში, კონკრეტულ ერთ პარტიასთან ურთიერთობის პირობებში, სხვაგვარად წარმოჩნდა, მისი მხრიდან ბევრი სისუსტე გამოვლინდა, თუმცა ღირსეული ადამიანია და თუ ჩემი მეტოქე იქნება, მეტოქეც ღირსეული იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.

ვოლსკის თქმით, დავით უსუფაშვილს კარგად იცნობს და პატივს სცემს, თუმცა მისი ხედვები სახელმწიფოს განვითარებასთან დაკავშირებით პრინციპულ წინააღმდეგობაშია „ქართული ოცნების“ თეორიებთან და მოსაზრებებთან.

„ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს ისეთ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ, რაც დავით უსუფაშვილს გააჩნია. ყველა მოწინააღმდეგე დასაფასებელია, თუ ჩადენილი არ აქვს ბოროტება და დანაშაული. მისი ხედვები ჩემი ხედვებისგან შეიძლება, რადიკალურად განსხვავდებოდეს, მაგრამ ბოროტება მას არ ჩაუდენია“, – აცხადებს ვოლსკი.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქს კარგად იცნობს.

„ჩემი ხალხი მიყვარს, ამ რაიონში გავიზარდე, ვსწავლობდი, დღესაც ამ რაიონში ვცხოვრობ, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია. საზოგადოება ხედავს, რომ ამ რაიონისთვის ბევრია გაკეთებული. 2005-2012 წლებში 100 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული და რეალურად, არაფერი გაკეთებულა.

ჩემი დამოკიდებულება გითხარით, მაგრამ სჯობს, საქმით დავადასტურო, რომ დიდუბე-ჩუღურეთს ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში, რაც მათ არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს შეეხება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.