გია ვოლსკი - დარწმუნებული ვარ, ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი სწორად შეაფასებს ვითარებას მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონზე
გია ვოლსკი - დარწმუნებული ვარ, ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი სწორად შეაფასებს ვითარებას მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონზე

დარწმუნებული ვარ, ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი სწორად შეაფასებს ვითარებას მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონზე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლეობის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადების კომენტირებისას. უილსონმა აღნიშნა: „ცოტა გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა“.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სტანდარტის დონის კანონია მიღებული, რაც უცხოელ პარტნიორებს უნდა გააგებინონ.

„სრულად და უფრო კარგად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ძალიან გრძელი ჩამონათვალია იმ რეკომენდაციებისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონში. ასე რომ, საკმაოდ საინტერესო, საერთაშორისო სტანდარტის დონის კანონია მიღებული. გააჩნია, რა პათოსით ითქმება გულდაწყვეტა. იმასთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ, სრულ, ასპროცენტიან შესაბამისობაში არ მოდის კანონის მუხლები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, რასაკვირველია, გულდასაწყვეტია და ამაზე გული გვწყდება მეც და ჩემს ყველა კოლეგას. მაგრამ არის გარემოებები, რომელთა გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება.

დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი სწორად და სიღრმისეულად შეაფასებს ამ ვითარებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.