გია ვოლსკი - ჩვენი წევრიც რომ იყოს, აივანზე გადმოდგეს და მეზობლები შეაწუხოს, პატრული მიაკითხავს და წაიყვანს
გია ვოლსკი - ჩვენი წევრიც რომ იყოს, აივანზე გადმოდგეს და მეზობლები შეაწუხოს, პატრული მიაკითხავს და წაიყვანს

ჩვენი წევრიც რომ იყოს, აივანზე გადმოდგეს და მეზობლები შეაწუხოს, პატრული მიაკითხავს და წაიყვანს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენლის, გურამ ჩალაგაშვილის დაკავების საქმეს.

„ხელისუფლების ლანძღვა ერთია, მაგრამ ხმაური სასიამოვნო არ არის მსმენელებისთვის. ნებისმიერ ქვეყანაში მეზობლები დარეკავენ, თუ ხმაურია, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამას უშვერი სიტყვები ახლავს. ჩვენ გარშემო ოჯახები ცხოვრობენ. ამერიკაში დიდი ხანი ვცხოვრობდი და ვერ წარმოიდგენია, რომ ასეთი გადაცდომა და დამოკიდებულება იყოს მეზობლების მიმართ. მთავრობას ვინ აგინებს, მნიშვნელობა არ აქვს.

მნიშვნელობა არ აქვს სამიზნეს, მთავარია, რა სიტყვებს ამბობს, რა განცხადებები აქვს და საქციელი მეზობლების სიმყუდროვეს არღვევს თუ არა. ჩვენი წევრიც რომ იყოს, აივანზე რომ გადმოდგეს და მეზობლები შეაწუხოს, პატრული მიაკითხავს და წაიყვანს. ეს მოხდება არა მხოლოდ საქართველოში, ნებისმიერ ქვეყანაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შსს-ში აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გურამ ჩალაგაშვილმა სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს. სამხრე კამერების ჩანაწერების სრულად გამოთხოვის მიზნით, გურამ ჩალაგაშვილის ადმინისტრაციულ საქმეზე სხდომა გადაიდო, დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ოქტომბერს განახლდება.