გია ვოლსკი - აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არანაირი კრიტიკა არ არის
გია ვოლსკი - აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არანაირი კრიტიკა არ არის

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან შეაფასა საქართველოში აშშ-ის საელჩოს დღევანდელი განცხადება, რომელიც გიგი უგულავას დაკავების შემდეგ გამოაქვეყნეს.

„გარკვეულწილად, გავიმეორებდი აშშ-ის საელჩოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გიგი უგულავას დაკავებამ ხელი შეუშალა მოლაპარაკებების გაგრძელებას. რასაკვირველია, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ უნდა ქონდეს. თემები უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და სწორედ არის გამიჯნული ამ განცხადებაში ეს თემები. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ოპოზიცია საერთოდ არ დავობს დანაშაულის არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით. თვითონ პროცედურის საკითხებზე აქვთ პრეტენზია. ასე რომ, ვფიქრობთ, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც სიმართლე ჩვენს მხარეს არის“, – აცხადებს გია ვოლსკი.

​როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის საელჩოს დღევანდელ განცხადებაში, არ არის კრიტიკა.

„არანაირი კრიტიკა არ არის. რასაკვირველია, სხვადასხვაგვარად წაკითხვა ჩვენი მოგონილია, ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზზე, ყოველთვის აქტუალურია ინტერპრეტაციების თემა. მაგრამ ამ განცხადებაში წერია ის, რაც წერია – სასამართლო სამართლიანი უნდა იყოს, მაგრამ რომ არ უნდა მოხდეს სამართლის აღსრულება, ამაზე არც ამერიკის საელჩო და არც ერთი განვითარებული დემოკრატიის არც ერთი საელჩო და არც რომელიმე სტრუქტურა არ გააკეთებს განცხადებას.

დაუშვებელია, რომ სიღრმისეული განცხადების გარეშე ვინმემ შეფასება მისცეს, რამდენად სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება. 48 მილიონზე მეტს როცა ბიუჯეტიდან მოიპარავ ან აზარალებ ბიუჯეტს ამ თანხით, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე მკაცრი, იქაური კანონები ასეთი შემთხვევებისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული რამდენიმე ქალაქის მერი ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენებისთვის იხდის სასჯელს.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს. აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.

დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.