გია ვოლსკი - არჩევნების შედეგების პლებისციტით ჩანაცვლება იურიდიული ნონსენსია, მაგრამ ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის ულტიმატუმის შემცველი, უნდა იყოს განხილული
გია ვოლსკი - არჩევნების შედეგების პლებისციტით ჩანაცვლება იურიდიული ნონსენსია, მაგრამ ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის ულტიმატუმის შემცველი, უნდა იყოს განხილული

არჩევნების შედეგების ჩანაცვლება პლებისციტით გარკვეული იურიდიული ნონსენსია, მაგრამ რეალურად, არ არის ულტიმატუმი, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ თემის კომენტირებისას.

ვოლსკის თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის ულტიმატუმის შემცველი, უნდა იყოს განხილული.

„ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შეიძლება, მე ამ წუთში ძალიან ცუდად ვაფასებ პლებისციტის იდეას, ვინაიდან განმეორებით არჩევნებს ან რიგგარეშე არჩევნებს მაშინ შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, როდესაც სამართლებრივი დოკუმენტი არსებობს და ამას აქვს საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის დასკვნის სახე. აქედან გამომდინარე, არჩევნების შედეგების ჩანაცვლება პლებისციტით გარკვეული იურიდიული ნონსენსია, მაგრამ რეალურად, არ არის ულტიმატუმი.

აქედან გამომდინარე, ადამიანები, ვინც გამოსავალს ეძებენ და უნდათ, თავი დაიხსნან იმ​ დიქტატისგან, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა, რასაკვირველია, უნდა ისხდნენ პოლიტიკური მოლაპარაკების მაგიდასთან. ამისთვის საუკეთესო ადგილი პარლამენტია, საუკეთესო მექანიზმი ამისთვის არის საგამოძიებო კომისია. სწორედაც, თუნდაც საარჩევნო კოდექსში მიღებული იქნება ცვლილებები, გარკვეული რაოდენობა შეიძლება კიდეც ითხოვდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს. აქედან გამომდინარეობს ეს გააფთრებული ბრძოლა „ნაცმოძრაობისა“ ნებისმიერ სხვა საკითხთან, რომელიც არ ეხება საბოტაჟს, დესტაბილიზაციას და რევოლუციურ სცენარს.

საერთოდ, არა მარტო ოპოზიცია, კონკრეტული საინფორმაციო საშუალებებიც ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, რომ ერთგვაროვანია დამოკიდებულება ამ ვითარებიდან. გაბედეს გვერდზე ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ იმ წუთში აღმოჩნდნენ სახით საცივში. ეს არის ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს, მაგრამ თუკი ეს რეალობა შეიცვლება, სამართლებრივადაც რომ ჰქონდეს პრეტენზია საკითხებთან მიმართებაში, თუკი ეს მოლაპარაკებას შეიწყობს ხელს, უნდა არსებობდეს და უნდა იყოს სერიოზულად მიღებული, განხილული, რათა ამ ვითარებიდან გამოვიდეთ, რომელსაც ცდილობენ, რომ შექმნან პოლიტიკური ძალები.

იმდენად დიდია საზოგადოების სურვილი, რომ მოლაპარაკებები შედგეს, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის სურვილი, თუნდაც იმ ახალგაზრდა ჟურნალისტების კითხვაშიც ისმის აქცენტები, ყველა ელოდება, რაღაც ნაბიჯი გადაიდგმება ორივე მხრიდან ისეთი, რომელიც ქვეყანას დაასტაბილურებს, მით უმეტეს ამ ეკონომიკურ-სოციალური გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა ვოლსკიმ.