გია ვოლსკი - ამერიკული ბაზის მშენებლობაზე სალომე ზურაბიშვილის შეხედულებები არანაირად არ უპირისპირდება საგარეო კურსის ძირითად მიმართულებას
გია ვოლსკი - ამერიკული ბაზის მშენებლობაზე სალომე ზურაბიშვილის შეხედულებები არანაირად არ უპირისპირდება საგარეო კურსის ძირითად მიმართულებას

ამერიკული ბაზის მშენებლობაზე სალომე ზურაბიშვილის შეხედულებები არანაირად არ უპირისპირდება საგარეო კურსის ძირითად მიმართულებას, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტართან დაკავშირებით.

ვოლსკის მიაჩნია, რომ არის გარკვეული მოსაზრებები, რომელშიც პრეზიდენტს შესაძლოა თავისი კურსი ან ხედვა ჰქონდეს.

„გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს. პრეზიდენტს შესაძლოა საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს, თუმცა არ მგონია, გრძელვადიან პერიოდში სალომე ზურაბიშვილს იგივე აზრი ჰქონდეს. ალბათ ფუნდამენტურად მომზადება იმ საკითხების, რომელსაც ჰქვია ბაზის მშენებლობა, ნატო-ს წევრობა, ეს იგულისხმა.

ამერიკასთან ურთიერთობები შედგება საკმაოდ მძლავრი დანაყოფებისგან, როგორებიცაა პოლიტიკური სფერო, ადამიანთა ურთიერთობის, ბიზნეს ურთიერთობის სფერო და რაც მთავარია, საერთაშორისო უსაფრთხოების სფერო. ამ ფორმატში გარკვეული აზრები, გადახრა, გადმოხრა მთავარი კურსიდან შესაძლოა იყოს ცალკეული შეცდომით, შეიძლება ტექნიკური შეცდომა დავარქვათ ამას. მაგრამ მთლიანობაში, ეს მთავარი კურსი არანაირ ნაკლოვანებას არ განიცდის, ვერც განიცდის, ეს გაცილებით გლობალური საკითხია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არ გავშიფრავდი ისე, რომ რაიმე წინააღმდეგობა არსებობს ჩვენს საგარეო კურსსა და მის განცხადებებს შორის. არის გარკვეული მოსაზრებები, რომელშიც პრეზიდენტს შეიძლება თავისი კურსი ან ხედვა ჰქონდეს. მთლიანად, გლობალური მასშტაბით თუ ავიღებთ, შეხედულებებს თუ გავაანალიზებთ, რასაკვირველია, კურსი ერთია. ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და არც სალომე დგას ამ კურსიდან შორს, ერთი და ნახევარი ნაბიჯითაც კი.

თუ ის მსჯელობს იმ საკითხებზე, რომელსაც ჰქვია ბაზის დღეს მშენებლობა ან ხვალინდელი პერსპექტივები ნატო-სთან ურთიერთობისა, ეს არის მსჯელობა, მისი შეხედულებები, რომლებიც არანაირად არ უპირისპირდება საგარეო კურსის ძირითად მიმართულებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კითხვას, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა: „არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის განლაგებისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენ შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმავოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“.