გია მანჯგალაძემ თასის ფინალზე ისაუბრა - ფურცელზე ფავორიტობა არაფერს ნიშნავს, სტატუსი მოედანზე უნდა გავამართლოთ #1TVSPORT
გია მანჯგალაძემ თასის ფინალზე ისაუბრა - ფურცელზე ფავორიტობა არაფერს ნიშნავს, სტატუსი მოედანზე უნდა გავამართლოთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველმა გია მანჯგალაძემ საქართელოს თასის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც გუნდი „ლოკომოტივი 2“-ს დაუპირისპირდება.

„ხვალ არის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი – საქართველოს თასის ფინალი, სადაც ევროთასის საგზურის ბედიც წყდება. ჩვენი მოწინააღმდეგე ლიგა-4-დანაა, მაგრამ ფინალში შემთხვევით გასვლა წარმოუდგენელია. მით უმეტეს, რომ ფინალამდე, „ლოკომოტივი 2“-მა თასის გათამაშებას ეროვნული ლიგის სამი გუნდი გამოთიშა.

ფეხბურთში ყველაფერი ხდება, რაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა. ამიტომ, ზერელედ ნამდვილად არ ვუდგებით მომავალ შეხვედრას. ვიცით, რომ გამარჯვებისთვის უნდა ვიყოთ მონდომებულები და მობილიზებულები. ფურცელზე ფავორიტობა არაფერს ნიშნავს – მთავარია, მოედანზე ვიყოთ ფავორიტები, იქ გავამართლოთ ჩვენი სტატუსი, მოედანზე გადავიტანოთ მწვრთნელის დავალებები.

როგორც ყოველთვის, ქუთაისელი ქომაგის მხარდაჭერის გვეიმედება. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენს გვერდით არიან, ყველგან თან დაგვყვებიან და ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის დროსაც ტრიბუნებიდან გაგვამხნევებენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავით ყიფიანის თასი მოვიპოვოთ და სეზონი გამარჯვებით დავასრულოთ“, – ამბობს გია მანჯგალაძე.

ბათუმში გასამართ ფინალურ შეხვედრაზე მედიატურის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.