გია გვიჩიანი აცხადებს, რომ მისგან პატიმრობის პერიოდში ნიკა ლომინაძის მკვლელობის შემკვეთად ჯერ იგნასიო ირიბარენის, შემდეგ კი ირაკლი ოქრუაშვილის დასახელებას მოითხოვდნენ
გია გვიჩიანი აცხადებს, რომ მისგან პატიმრობის პერიოდში ნიკა ლომინაძის მკვლელობის შემკვეთად ჯერ იგნასიო ირიბარენის, შემდეგ კი ირაკლი ოქრუაშვილის დასახელებას მოითხოვდნენ

11-წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ მიჩნეული, „ეი-ი-ეს-თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის, მკვლელობისთვის ყოფილი მსჯავრდებული გია გვიჩიანი აცხადებს, რომ მისგან პატიმრობის პერიოდში ლომინაძის მკვლელობის შემკვეთად ჯერ იგნასიო ირიბარენის, შემდეგ კი ირაკლი ოქრუაშვილის დასახელებას მოითხოვდნენ. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში განაცხადა.

გვიჩიანი აცხადებს, რომ ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტის გავრცელების შემდეგ შექმნილი კრიზისული სიტუაციის ფონზე დააპატიმრეს. გვიჩიანის თქმით, მისი დაპატიმრებით და ნიკა ლომინაძის მკვლელობის გახსნის გამოცხადებით სურდათ, გადაეფარათ გირგვლიანის მკვლელობის არასწორი გახსნა.

„6 მარტს გახსნილად გამოაცხადეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. იმავე საღამოს პარიზიდან მირეკავს თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა, რომელმაც მთხოვა, რომ მეორე დღეს მიმეღო ჩემს კაბინეტში შსს-ს ოფიცერი, რომელსაც მრიცხველთან დაკავშირებით რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემა ქონდა. აქ ოპერატიულად ამზადებენ ჩემს დაპატიმრებას და შსს-ს ოპერაციაში თბილისის მერს მიაღებინეს მონაწილეობა.

იმავე ღამეს, 6 მარტს, ღამის 12 საათზე ჩემს მოგვარეს, ხუთჯერ ნასამართლევ კრიმინალს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, უფორმებენ საპროცესო გარიგებას, რომლის სანაცვლოდაც ის აძლევს ჩვენებას, თითქოსდა მე მიცნობდა, თითქოს იყო ჩემი ბიძაშვილი, თითქოს ვთხოვე მას, დამხმარებოდა ნიკო ლომინაძის მკვლელობაში, თითქოს იყო შუამავალი და მის ნაცნობს, ნიკა ჩემიას შეასრულებინა ეს მკვლელობა.

მეორე დილას დამაკავეს ყველა სატელევიზიო კამერის თანდასწრებით, საზოგადოების ყურადღება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არასწორი გახსნიდან გადმოიტანეს ჩემს დაპატიმრებაზე და ნიკო ლომინაძის მკვლელობის გახსნილად გამოცხადებაზე“, – განაცხადა გვიჩიანმა.

გია გვიჩიანმა ისაუბრა იმ შეთავაზებებზე, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოდიოდა.

„სოდ-ის გამომძიებელმა მითხრა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა იყო დაინტერესებული ჩემი ციხიდან გათავისუფლებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიტყოდი, თითქოს ვიყავი შუამავალი ნიკო ლომინაძის მკვლელობის საქმეში და ეს მკვლელობა შემიკვეთა „თელასის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა,  იგნასიო ირიბარენმა. რომელიც სამი წლის წინ იყო წასული საქართველოდან, ვენესუელაში ცხოვრობდა. შემომთავაზეს, მე პირობითი სასჯელით გამათავისუფლებდნენ და ირიბარენზე ძებნას გამოაცხადებდნენ. გამომძიებელმა მითხრა, თუ ამას არ გავაკეთებდი, მთელ ცხოვრებას ციხეში გავატარებდი. მე უარი ვუთხარი გამომძიებელს, დარწმუნებული ვიყავი, რომ სასამართლოს მოვიგებდი, რადგან უდანაშაულო ვიყავი“, – განაცხადა გვიჩიანმა.

გია გვიჩიანის თქმით, ამის შემდეგ მუშაობა დაიწყო ციხეში მისი ლიკვიდაციის გეგმაზე.

„ჯერ სცადეს ჩემი ლიკვიდაცია, გადამიყვანეს სხვა ციხეში, სამარტოო საკანში. მყავდა უცნაური ღამის სტუმრები. როცა მივხვდი, საჯარო, პრევენციული განცხადება გავაკეთე სასამართლოში და ჩემი ლიკვიდაცია ვერ განახორციელეს. ერთი ადამიანის დაუდასტურებელი ჩვენებით მომისაჯეს სამუდამო პატიმრობა. ამის შემდეგ, დაახლოებით სამ კვირაში შემოვიდა ადვოკატი, რომელმაც გადმომცა ადეიშვილის მაშინდელი პირველი მოადგილის, ლაცაბიძისგან შემდეგი წინადადება, ხომ არ ვიფიქრებდი, საქმეზე კვლავ ამეღო შუამავლობა, ოღონდ ახლა მკვლელობის შემკვეთად უნდა დამესახელებინა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ერთ თვეში ოქრუაშვილი გადააყენეს თუ გადადგა.

ლაცაბიძის წინადადებით, რადგანაც ოქრუაშვილის ფირმა ოდესღაც იურიდიულ მომსახურებას უწევდა „თელასს“, აქედან უნდა დამეკავშირებინა და დანარჩენი მე დამელაგებინა. მე უარი ვთქვი, ამას ვერ გავაკეთებდი“, – განაცხადა გია გვიჩიანმა.