გია გრიგალავა სიმბოლურ ნაკრებშია
გია გრიგალავა სიმბოლურ ნაკრებშია

გია გრიგალავამ ისევ მაღალი შეფასება დაიმსახურა – ტულის „არსენალის“ 29 წლის ქართველი მცველი რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

„არსენალი“ საშინაო შეხვედრაში პრემიერლიგის მეორეადგილოსან მოსკოვის „ლოკომოტივს“ შეხვდა, სადაც საბა კვირკველია და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ. ტულელებმა ლიდერებს შანსი არ დაუტოვეს და 2:0 დაამარცხეს.

სამივე ქართველმა ითამაშა – გრიგალავამ და კვირკველიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს, ხოლო კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. გრიგალავამ მატჩი მაღალ დონეზე რომ ჩაატარა, ამას სტატისტიკური კომპანია „ინსტატის“ (InStat) მაჩვენებლები ადასტურებს. ქართველი სიმბოლურ ნაკრებში სწორედ ამ ანალიტიკური კომპანიის მაჩვენებლებზე დაყრდნობით მოხვდა.

„ინსტატი“ არის სპორტული ანალიტიკის კომპანია, რომლის მიერ შედგენილი პროგრამაც მატჩის დროს ითვლის მოთამაშეთა და გუნდურ სტატისტიკას, ახორციელებს მატჩების ტრანსლირებას და ციფრულ სკაუტინგს. ამჟამად „ინსტატი“ სპორტულ ანალიტიკაში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. მისი კლიენტები არიან „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, პსჟ და ევროპისა და მსოფლიოს სხვა გრანდები. კომპანია 200-მდე ქვეყანაში მუშაობს.