გია გრიგალავა - კორონავირუსმა თავი მოგვაბეზრა, იმედია, 2021 წელი ბევრად უკეთესი იქნება
გია გრიგალავა - კორონავირუსმა თავი მოგვაბეზრა, იმედია, 2021 წელი ბევრად უკეთესი იქნება

საქართველოს ნაკრების მცველს, გია გრიგალავას, ტულას „არსენალის“ ოფიციალურმა გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა – „არსენალის“ 31 წლის ცენტრალურმა მცველმა 2020 წელი გაიხსენა და ახალ წელთან დაკავშირებულ იმედებზე ილაპარაკა.

„2020 იყო ყველაზე უცნაური წელი არამარტო ჩემს ცხოვრებაში. კორონავირუსმა, ალბათ, ყველას თავი მოაბეზრა. ჩემთან ყველაფერი კარგადაა, ჩემი ნათესავები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან – ეს უკვე დიდი სასიხარულოა. იმედი მაქვს, რომ 2021 წელი ადამიანებისთვის ყველაფერი განსხვავებული და ბევრად უკეთესი იქნება“, – ამბობს გია გრიგალავა.

მან საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა, სადაც ათი წელია იწვევენ. „ჯვაროსნებს“ ნოემბერში ისტორიული შედეგის მიღწევამდე, ერთი ნაბიჯი აშორებდათ. ევრო 2020-ზე გასასვლელად გუნდს თბილისში მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება ესაჭიროებოდათ, მაგრამ 0:1 წააგეს. „გადაიწვით?“ – გრიგალავამ კომენტარი ამ კითხვაზეც გააკეთა: „ვერ ვიტყოდი, რომ გადავიწვით. ჩვენი მეტოქე იყო არა ვარსკვლავური გუნდი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გახლდათ. მაკედონიელები ერთა ლიგაზე შემოდგომაზე ორჯერ შეგვხვდნენ და ორივეჯერ ფრე ვითამაშეთ. მატჩები კარგად ჩავატარეთ, სკოპიეში საპასუხო გოლი კომპენსირებულ დროში პენალტით გაგვიტანეს. გვეგონა, რომ მესამე, ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში მოწინააღმდეგეს დავამარცხებდით. შესაძლოა, გულშემატკივრების მხარდაჭერა დაგვაკლდა. პანდემიის გამო, თამაში ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩავატარეთ“.

მან სეზონისთვის მზადებაზეც ილაპარაკა: „იანვრის შეკრებაზე ბელეკში, როგორც წესი, მძიმე ორჯერადი ვარჯიშებია. მზადების დასაწყისი ყოველთვის რთულია, რადგან ფუნქციური მზაობისთვის საფუძველს ვყრით. ამის გარეშე შეუძლებელია, მთავარია ტრავმები ავიცილოთ, გვაქვს უამრავი სათამაშო ვარჯიში, განსაკუთრებით საღამოს. ვარჯიშები ბურთთან უფრო ადვილი ასატანია. მიუხედავად იმისა, რომ წინ ჯერ კიდევ მძიმე „კროსები“ გვაქვს. როდესაც სრულიად მზად ხარ, ამ ყველაფრის გადატანა უფრო ადვილია. როდის მივაღწევთ ოპტიმალურ ფორმას? გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თავს შესანიშნავად მეორე შეკრებაზე შუა პერიოდში ვიგრძნობთ“.