გია გრიგალავა - ბოლო თვეში იმდენი ფილმი ვნახე, 2 წელი რომ ვერ მოვახერხებდი
გია გრიგალავა - ბოლო თვეში იმდენი ფილმი ვნახე, 2 წელი რომ ვერ მოვახერხებდი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველმა, გია გრიგალავამ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ რუსეთში სეზონის განახლებას ზაფხულიდან იმედოვნებს.

„გარეთ, თითქმის არ გავდივარ და მხოლოდ სახლში ვვარჯიშობ – სატრენაჟორო ველოსიპედი მაქვს და ყოველდღიურად ერთი საათი მაინც ვიტვირთები, მაგრამ ეს გაცილებით მსუბუქი დატვირთვებია და საფეხბურთოს ვერ შეედრება. სამწუხაროდ, ახლა სხვა გამოსავალი არაა. ელემენტარული ტონუსი მაინც უნდა შევინარჩუნოთ. იმედი მაქვს, რომ სეზონს ივნისში მაინც განვაახლებთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გია გრიგალავა.

მისი თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს უამრავი ფილმი ნახა: „ადრე მენანებოდა, რომ ვარჯიშის ან თამაშის შემდეგ თავისუფალი დრო მქონოდა და სახლში სასურველი ფილმი მენახა. ახლა კი იმდენი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, ბევრი ფილმი ვნახე. გასნაკუთრებით მომეწონა ამერიკული „ჯენტლმენი“. საერთოდ, ბოლო თვეში იმდენი ფილმის ნახვა მოვახერხე, ჩვეული რეჟიმით 2 წელი რომ ვერ მოვახერხებდი”.

გია გრიგალავა რუსეთის მოქალაქე იყო და ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2011 წელს საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა და ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრი გახდა, რომლის ფორმითაც 23 მატჩი ჩაატარა. 2017 წლიდან ტულის „არსენალში“ (61 მატჩი, 3 გოლი) ჩაირიცხა და გუნდი ვიცეკაპიტანი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მიმდინარე სეზონში 30 წლის მცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ოთხჯერ დაასახელეს.