გია გეგუჩაძე - მაშინ ვისჯებით, როდესაც საკუთარ თამაშს ვღალატობთ #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - მაშინ ვისჯებით, როდესაც საკუთარ თამაშს ვღალატობთ #1TVSPORT

სივასპორთან“ უეფა-ს კონფერენს ლიგის მე-3 შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში დასანანი მარცხის (1:2) შემდეგ ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„გოლები მხოლოდ იმიტომ არ გაგვიშვია, რომ ტანმაღალი მცველები ჩაწოდებებისას შეცდნენ. მომხდარს სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. 75 წუთი კარგად ვითამაშეთ, მერე დაღლილობა დაგვეტყო და როცა სხეული არ მოგყვება, თამაში იოლი არაა.

ძლიერი და გამოცდილი მეტოქე გვყავს, მაგრამ ვფიქრობ, განმეორებით შეხვედრაში შანსი გვაქვს და მაქსიმალურად დავიხარჯებით. რბილად რომ ვთქვათ, მეტოქე მომენტებში უხეშობდა, მაგრამ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ.

მაშინ ვისჯებით, როდესაც საკუთარ თამაშს ვღალატობთ. ვერ გავიზიარებ აზრს, რომ ქომაგები ჩვენზე უარყოფითად მოქმედებენ. პირიქით, დიდი მადლობა მათ. უბრალოდ, შემტევ ფეხბურთს რომ ვთამაშობთ, მეტოქეს მეტი თავისუფალი ზონა ამიტომ რჩება. მთავარია, გუნდმა ზრდა არ შეაჩეროს. მე კი ამის რესურსს ვხედავ.

ვიცით, რომ განმეორებით შეხვედრას 12 აგვისტოს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო დიდგორობას აღნიშნავს. ყველამ ვიცით, რამხელა დღესასწაულია და მოსაგებად ყველაფერს ვეცდებით.

ლუკაშ გროცურეკს გუნდთან ერთად სამი კვირაა არ უვარჯიშია და ითამაშებს თუ არა „სივასპორთან“ განმეორებით მატჩში, ჯერ ვერ გეტყვით. ვნახოთ, ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ რა დონეზე მოემზადება.

ვამარა სანოგოს რაც შეეხება, გუნდიდან წასვლაზე გადაწყვეტილება ორმხრივად მივიღეთ – ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში სისტემატური სათამაშო პრაქტიკის გარეშე ვერ იქნება. სანოგო ზამთრის შეკრების დროს დაშავდა, როდესაც სეზონისთვის უნდა მოემზადოს.“