გია გეგუჩაძე - იმედია, ჩემპიონის ბედი მალე გადაწყდება #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - იმედია, ჩემპიონის ბედი მალე გადაწყდება #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კონკურენტ „დინამო თბილისთან“ ფრემ (1:1) ბათუმის „დინამოს“ საჩემპიონო ამბიციები კიდევ უფრო გააძლიერა – გია გეგუჩაძის გუნდი სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე თბილისელებს 7 ქულით ასწრებს.

„ვერ ვიტყვით, რომ ერთმა ან მეორე გუნდმა ფრეზე ითამაშა. გამარჯვება ორივე გუნდს სურდა. ისიც კარგად გვესმოდა, რომ ჩვენთვის და „დინამო თბილისისთვის“ დაძაბული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნებოდა. მთლიანობაში, შედეგს დადებითად შევაფასებდი, რადგან კონკურენტთან უპირატესობა შევინარჩუნეთ“, – განაცხადა ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა.

„შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ „დინამო თბილისთან“ სხვაობის შენარჩუნებით ბათუმელებმა, ფაქტობრივად, ჩემპიონობა მოიპოვეს?“, – გია გეგუჩაძემ კომენტარი ამ კითხვაზეც გააკეთა, მაგრამ ნაადრევი სიხარულისგან თავი შეიკავა.

„არ ვიცი, ამის თქმა რთულია, ყოველ შემთხვევაში, ქულებში უპირატესობა შევინარჩუნეთ. ჩემპიონობის ბედი დარჩენილ შეხვედრებში გაირკვევა – იმედია, ეს მალე გადაწყდება“, – ამბობს გეგუჩაძე.

30 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 64 ქულა დააგროვა და კონკურენტ „დინამო თბილისს“ (57) საგრძნობი უპირატესობით ასწრებს. სეზონის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და ბათუმელები ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში პირველად მიუახლოვდნენ.

დატოვე კომენტარი