გია ჟორჟოლიანი - ვითარების გათვალისწინებით, პერსონალური ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, არის ნაბიჯი წესრიგისა და სტაბილურობისკენ
ვითარების გათვალისწინებით, პერსონალური ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, არის ნაბიჯი წესრიგისა და სტაბილურობისკენ, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატებთან“ გიორგი გახარიასა და მთავრობის შემადგენლობის შეხვედრაზე.
გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ სამთავრობო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.
„მინდა, სოციალ-დემოკრატების პოზიცია მოგახსენოთ ზოგადად ამ სამთავრობო ცვლილებებისადმი, იმისადმი რაც ახლა ხდება. ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები ხორციელდება საკმაოდ ექსტრაორდინალურ ვითარებაში და ამის თაობაზე მინდა, გითხრათ რამდენიმე სიტყვა. პირველი – რას ვფიქრობთ ჩვენ, დავუჭერთ მხარს ამ ცვლილებებს თუ არა და ა.შ. რაც შეეხება პროგრამას, ეს პროგრამა ძირეულად არ განსხვავდება იმ პროგრამისგან, რომელიც დღემდე ჰქონდა მთავრობას, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც პარლამენტმა
მიიღო.
ჩვენ პროგრამას მხარს რომ ვუჭერდეთ, ვიქნებოდით ისევ უმრავლესობაში და ამდენად ცხადია, რომ ჩვენ ამ პროგრამას მხარს არ ვუჭერთ. მაგრამ ცოტა განსხვავებულად ვუყურებთ ჩვენ ამ პერსონალურ ცვლილებებს, რომლებიც ვფიქრობთ, რომ არ არის საბოლოოდ პერსონალური. ჩვენ ვიმყოფებით ექსტრაორდინალურ ვითარებაში, რა არის ეს, ეს არის ის ვითარება, რომელიც აი მიჯნასავით რომ ავიღოთ, 20-21 ივნისის მოვლენები. აქ, ბატონო გიორგი, მინდა დავეთანხმო და ერთი კვირის წინ პარლამენტის სხდომაზე მე სპეციალურად გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე უმრავლესობის წევრებს, რომ ტერმინებს „გავრილოვის ღამე “და ა.შ. ნუ იყენებთ. ესე იგი ეს არ არის უბრალო რამ, სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, ეს არის მცდელობა იმისა, რომ შინაარსი არა მხოლოდ იმ ღამისა, არამედ იმ პროცესისა, რომელიც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რადგან კიდევ იქნება მცდელობები, იყოს იგნორირებული და თითქოს აქ ლაპარაკია იმაზე, იქ პოლიციელმა დაარღვია, არ დაარღვია, ვინ სად დაჯდა, რომელიღაც დელეგაციის რომელიღაც წევრი და ა.შ.
ამაზე არ არის ლაპარაკი, ძალიან აშკარაა ყველაფერი, რომ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე და ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ძალაუფლება ძალის მეშვეობით ხელისუფლებაზე ძალადობის მეშვეობით ჩაეგდოთ ხელში ცალკეულ ჯგუფებს, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა მაინც იყო გადატრიალებისა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ამასთან, ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი უნდა წარიმართოს შინაარსობრივი დებატების ფორმატში.
„იმედია, ასეთი ტიპის პროვოკაციები ხალხმა კიდევ უფრო კარგად დაინახა და დღევანდელი განწყობა აშკარად აჩვენებს იმას, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა ცხადია არ ექნება, ძალიან ვიწრო ჯგუფის გარდა, მაგრამ ასეთ პროვოკაციებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს და თუ ეს პროვოკაციები ჩვენ გვაიძულებს, რომ ამაზე კი არ ვილაპარაკოთ, აქ რაღაც საბაბები ვეძებოთ და მერე იმ საბაბებზე დისკუსიას მოვუნდეთ, სინამდვილეში ხელიდან გაგვექცევა ის რეალობა, რომელიც არის გასაანალიზებელი. ამ ვითარების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ეს პერსონალური ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, არის გადადგმული ნაბიჯი წესრიგისა და სტაბილურობისკენ. ეს არის აუცილებელი პირობა. ჩვენ ყველანი ვართ მოლოდინში, 2020 წელს არის არჩევნები, ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ჩვენთვის და ვფიქრობ, ყველა იმ ჯანსაღი პოლიტიკური ჯგუფისათვის, რომელიც შესაძლოა, უფრო გააქტიურდეს ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით, ძალიან არსებითია, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს შინაარსობრივი დებატების ფორმატში.
ანუ, ჩვენ თუ არ გვექნა დისკუსია იმის თაობაზე, რა გზას ადგას ქვეყანა, როგორც ვხედავთ ამ განვითარებას და თუ ჩვენ გვექნა კვლავ, უკეთეს შემთხვევაში კინკლაობა, ხოლო რეალურად რაც დღეს გვაქვს, ასე ვთქვათ, ბრალდებების კორიანტელი, რომლის უკანაც ხშირად პიარისა და პროვოკაციების გარდა არაფერი არ დგას, ქვეყნის განვითარებას ვაქცევთ ჩიხში. ჩვენ თანდათან მივდივართ კრიტიკულ მდგომარეობამდე. ჩვენ მთლიანობაში, „სოციალ-დემოკრატები“ ამ ცვლილებებს მთავრობაში მხარს ვუჭერთ, ეს დეკლარირებულიც გვაქვს და კენჭისყრის დროსაც, ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.