გია ჟორჟოლიანი - საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე მსჯელობა შესაძლოა, დღესაც არ დასრულდეს
გია ჟორჟოლიანი - საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე მსჯელობა შესაძლოა, დღესაც არ დასრულდეს

ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, უკვე არსებობს შეთანხმება, რომ ჩატარდება თავისუფალი კენჭისყრა, როგორც კრიტერიუმების თაობაზე, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შესახებ.

როგორც ჟურნალისტებს ჟორჟოლიანმა განუცხადა, შეთანხმება შედგა იმის თაობაზე, რომ იმ კრიტერიუმებსა და წესებზე იმსჯელებენ, რომელთა მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა და დანიშვნა უნდა მოხდეს. მისი თქმით, წესებზე შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.

„როგორი იქნება კრიტერიუმები, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ვერ გეტყვით, შეთანხმება შედგება თუ არა, რადგან ეს ნათელი რომ იყოს, დღევანდელი შეხვედრა არ იქნებოდა. შეიძლება, მსჯელობა დღესაც არ დასრულდეს. თუ წესებზე შეთანხმება შედგება, ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმება კანდიდატებზე შედგება, რადგან ამ წესების შედეგად შეიძლება ისეთი კანდიდატები არ იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებიც ყველა განწყობის დაკმაყოფილებას შეძლებენ“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეობის კანდადატებზე მსჯელობას დღესაც აგრძელებს. შეხვედრა გუშინდელის მსგავსად „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში იმართება.