გია ჟორჟოლიანი - აშკარაა, ეს იყო პარლამენტის შტურმით აღების ღამე, ეს იყო მცდელობა, რომ ძალადობის მეშვეობით ხელისუფლება ცალკეულ ჯგუფებს ჩაეგდოთ ხელში
გია ჟორჟოლიანი - აშკარაა, ეს იყო პარლამენტის შტურმით აღების ღამე, ეს იყო მცდელობა, რომ ძალადობის მეშვეობით ხელისუფლება ცალკეულ ჯგუფებს ჩაეგდოთ ხელში

დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა, პრემიერ-მინისტრობისა და მთავრობის წევრების კანდიდატებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, აშკარაა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტზე მიტანილი შტურმით, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას ჰქონდა ადგილი. მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ დეტალებზე საუბრით ცდილობს შინაარსის იგნორირებას.

„ჩვენ ვიმყოფებით ექსტრაორდინალურ ვითარებაში. ეს არის ის ვითარება, რომელიც მიჯნასავით რომ ავიღოთ, არის 20-21 ივნისის მოვლენები. ერთი კვირის წინ, პარლამენტის სხდომაზე, სპეციალურად გავაკეთე განცხადება, მოვუწოდე უმრავლესობის წევრებს, რომ ტერმინებს „გავრილოვის ღამე“ და ა.შ. – ნუ ვიყენებთ. ე.ი. ეს არ არის უბრალო რამ, სიტყვებს აქვს მნიშვნელობა.

ეს არის მცდელობა იმისა, რომ შინაარსი, არა მხოლოდ იმ ღამისა, არამედ იმ პროცესისა, რომელიც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ კიდევ იქნება მცდელობები – იყოს იგნორირებული. თითქოს აქ ლაპარაკია იმაზე, რომ აქ პოლიციელმა დაარღვია, არ დაარღვია ვიღაცამ, სად დაჯდა ეს და ა.შ. რომელიღაც დელეგაციის, რომელიღაც წევრი და ა.შ. ამაზე არ არის ლაპარაკი. ძალიან აშკარაა ყველაფერი, რომ ეს იყო პარლამენტის შტურმით აღების ღამე და ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ძალაუფლება ძალის მეშვეობით, ხელისუფლება ძალადობის მეშვეობით ჩაეგდოთ ხელში ცალკეულ ჯგუფებს, ყოველ შემთხვევაში მცდელობა მაინც იყო გადატრიალებისა.

მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციები, ხალხმა კიდევ უფრო კარგად დაინახა და დღევანდელი განწყობა აშკარად აჩვენებს იმას, რომ ამას საზოგადოებრივი მხარდაჭერა ცხადია, არ ექნება, ძალიან ვიწრო ჯგუფის გარდა. მაგრამ, ასეთ პროვოკაციებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს და თუ ეს პროვოკაციები ჩვენ გვაიძულებს, რომ ამაზე კი არ ვილაპარაკოთ, აქ რაღაც საბაბები ვეძებოთ და მერე იმ საბაბებზე დისკუსია მოუნდეთ, სინამდვილეში, ხელიდან გაგვექცევა ის რეალობა, რომელიც არის გასაანალიზებელი. ამ ვითარების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ეს პერსონალური ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და რაც ეყრდნობა ვითარებაში შექმნილ რეალობას, ვფიქრობთ, რომ არის გადადგმული ნაბიჯი წესრიგისა და სტაბილურობისკენ. ეს არის აუცილებელი პირობა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.