გია ჭიაბრიშვილი - ვინც არ უნდა დავნიშნოთ სანიოლის ნაცვლად, მაინც იგივე შედეგი გვექნება, რადგან არ არის რესურსი და ფეხბურთელები არ გვყავს #1TVSPORT
გია ჭიაბრიშვილი - ვინც არ უნდა დავნიშნოთ სანიოლის ნაცვლად, მაინც იგივე შედეგი გვექნება, რადგან არ არის რესურსი და ფეხბურთელები არ გვყავს #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სექტემბრის სანაკრებო თამაშებიდან გამომდინარე, ქართულ ფეხბურთსა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა:

რომელიმე სფერო მითხარით, სადაც ყველა ბოლომდე იხარჯება და ყველა ფიქრობს თავის ქვეყანაზე, რომ მისი ცუდად გაკეთებული საქმე საერთო საქმეზე აისახება? ექიმი თუ თავის საქმეს ცუდად აკეთებს, ბევრი ადამიანი გარდაიცვლება.ვერ ვაკეთებთ ჩვენ კარგად საქმეს და ყველაფერი ამის შედეგია. არადა სუსტები ვართ. გადავხედოთ ეროვნულ ჩემპიონატს, რა დონეა, ჩვენი ფეხბურთელები ტოპ-5 ჩემპიონატში არ თამაშობენ, ერთი მამარდაშვილი გვყავს, ფანტასტიკური ბიჭი.

ასეთი ტალანტები პერიოდულად ჩნდება, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ქინქლაძე,ჯამარაული. ასეთები სულ არიან, მაგრამ ვერ იზრდებიან, რადგან არ გვაქვს კარგი დონის ჩემპიონატი.

ფეხბურთელი ხარ და შენი მოცემულობაა, რომ 90 წუთი ირბინო, ითამაშო და როგორ შეიძლება ეს ვერ შეასრულო? ამაში ფულს იღებ, ფულს შევეშვათ, მთელი ქვეყანა გიყურებს და როგორ შეიძლება, ეს ამოცანა ვერ შეასრულო? არადა, სანიოლი მერამდენე მწვრთნელია, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთელები 90 წუთს ვერ თამაშობენ?

ეს ყველას უნდა შეეძლოს. უნდა ჩანდეს, რომ 90 წუთი გადაადგილდები, მაგრამ იმას ჰყავს მესი და ამიტომ გიგებს. არ შეიძლება, 21-წლამდელი ბავშვები ეროვნულ ნაკრებში თამაშობდნენ. ბოლო-ბოლო, კაცური ჯანი უნდა მოუვიდეთ, რომ ბოლომდე იბრძოლონ.

საიდან არის ამდენი ტრავმიანობაინფრასტრუქტურიდან, ჩვენ არ გვაქვს სპორტული მედიცინა, ისეთი სფეროები არ გვაქვს, რაც ფეხბურთს სჭრდება და ამის შედეგები აკიდეს მწვრთნელებს და ფედერაციას. ეს ცოტა არაა. თუ ფეხბურთელი თავიდანვე სწორად არ იკვებება და არ ვარჯიშობს, მერე ნახევარფაბრიკატს ვიღებთ.

სანიოლი შემოვიდა ამ ბრძოლაში, სპორტული ჟინი აქვს, რომ ეს გუნდი უკეთესი გახადოს, მაგრამ მან რაც არ უნდა გააკეთოს, შეიძლება, პატარა ბრძოლები მოვიგოთ, მაგრამ ომს ვერ მოვიგებთ და მიზანს ვერ მივაღწევთ. ჩვენი ახლანდელი რესურსით ეს ძალიან რთულია.

ყველა ვთანხმდებით, რომ პროგრამა გვინდა, ფეხბურთელები როგორ გავზარდოთ. ფეხბურთისთვის რაღაც თანხებია გამოყოფილი და ვიძახით, ამხელა ფულს რატომ ვხარჯავთო. ეს ხუთწლიანი პროგრამაა და ამ ხუთ წელიწადში იხარჯება 60 მილიონ ევრომდე – ინფრასტრუქტურაზე, მწვრთნელთა გაზრდაზე, კლუბებზე, კაცთა და ქალთა ფეხბურთზე, ფუტსალზე, მასობრიობაზე.

დღეს ევროპაში ამხელა თანხას ზოგიერთ ისეთ ფეხბურთელს უხდიან, რომელსაც არც იყენებენ. დღევანდელი ფეხბურთი განვითარდა და ქუჩის ფეხბურთი აღარ არის. ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა, საჭიროა ბევრი მაღალი დონის აკადემია, ამ ყველაფერზე კი უზარმაზარი თანხები იხარჯება, რაც ჩვენ არ გვაქვს. ფინანსების გარეშე კი საქმის კეთება და განვითარება გამორიცხულია. ამიტომ მიმაჩნია, 10 ლარის ტყუილად ხარჯვას, 100 ლარის დახარჯვა და შედეგის მიღება ჯობს.

მთავარია, ნაკრებისთვის ახალი თაობები გაზარდოთ. ჩვენ ისეთი ძლიერები არ ვართ, რომ შედეგი ვაჩვენოთ. მე პირადად აქცენტს ახალგაზრდულ ნაკრებზე გავაკეთებდი, რომელშიც ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა.

ამ გამოძახებაზე, ნაკრების სამწვრთნელო სტაფმა ძალიან ცუდად იმუშავა, ფედერაციის ცუდი ნამუშევარიც ჩანს, კლუბებსა და ბავშვთა ფეხბურთშიც ბევრს ვცოდავთ. არ მგონია, შვილი რომ რაღაცას ვერ აკეთებს, აგინო და რამე უკეთ გააკეთოს. იმიტომ ვამბობ, კი ნუ აგინებ, მიდით და ურჩიეთ, თუ რამე იცით.

ვინც არ უნდა დავნიშნოთ სანიოლის ნაცვლად, მაინც იგივე შედეგი გვექნება, რადგან არც ფეხბურთელების რაოდენობა გვყავს და არც ხარისხი გვაქვს. სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა.