გია ჭიაბრიშვილი - „ლოკომოტივის“ პრეზიდენტს ხალხის გაშვება გაუგებრობამ და არასტაბილურობამ აიძულა #1TVSPORT
გია ჭიაბრიშვილი - „ლოკომოტივის“ პრეზიდენტს ხალხის გაშვება გაუგებრობამ და არასტაბილურობამ აიძულა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი იყო, რომელმაც გუნდიდან წამოსვლის მიზეზებსა და კლუბის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა:

„წამოსვლა არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, რადგან მსურდა მუშაობა და გუნდში პერსპექტივასაც ვხედავდი. ეს პრეზიდენტის, ლექსო თოფურიას გადაწყვეტილება იყო. დიდი ხანი ველოდებოდით ბევრ გარემოებას და პასუხი რომ არ იყო, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

– საუბარი რაზეა – არაა სტაბილური გარემო. სახელმწიფო დაფინანსების თაობაზე ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია და ამდენი ხანია ვერ გავიგეთ, იქნება თუ არ იქნება. მინდა, კლუბს მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით ლექსო თოფურიას, ეს ღირსეული ადამიანი თავისი რესურსით ინახავს კლუბს. მე „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი ამოვწურე და ფინანსებიდან გამომდინარე ვერ გააგრძელა, რაც მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო და ადვილად არ მიუღია.

– ვისაც ეს ხელეწიფება, ამ საკითხებს ძალიან ზერელედ უდგებიან – ახლა წყდება, მომავალ წელს რა იქნება.  თუ არ იცი, როგორი ბიუჯეტი გექნება, მუშაობა რთულია. მიმაჩნია, რომ ეს ზერელე დამოკიდებულებაა. შემდეგ ეს გიბრუნდება, იმიტომ, რომ კარგად ვერ ვომპლექტდები, შეკრებაზე კარგად ვერ მიდიხარ. ეს მოლოდინი, რყევები და არასტაბილურობა ყველაფერს ანგრევს, ვერ აშენებ. დაწყებული საქმე გვქონდა, მთელი კლუბი სხვაგვარად ვუყურებდით ამ შენების პროცესს და პირველივე ნაბიჯების დროს ეს (პროექტი) მორჩა.

– მე არ ვამბობ, რომ ეს ვინმეს ბრალია, ეს გარემოს ბრალია. ძალიან ცუდია, რომ საქმეს ასე უდგებიან – ეს ეხება კლუბებსაც, მწვრთნელებსაც, ხელმძღვანელებსაც, სახელმწიფოსაც – რადგან შენ არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ კლუბის ბიუჯეტი სახელმწიფოს მილიონი თუ 700 ათასი ლარის გარეშე დაგეგმო. ამიტომ (სახელმწიფოსგან) დროული გადაწყვეტილებებია საჭირო. ჩვენი პრეზიდენტი კი აქამდე ამ გაუგებრობამ და არასტაბილურობამ მიიყვანა.

– ეს მარტო „ლოკომოტივს“ არ ეხება, სხვა კლუბებიც ამ მდგომარეობაში არიან. შესაძლოა, ვინმემ იცის კულუარულად, მაგრამ დამტკიცებულად არავინ უწყის, კლუბებს შემდეგ წელს სახელმწიფო დაფინანსება ექნებათ თუ არა“.