გია ცეცაძე - „სამტრედიაში“ იმიტომ დავბრუნდი, რომ ეს ჩემი უსაყვარლესი გუნდია
გია ცეცაძე - „სამტრედიაში“ იმიტომ დავბრუნდი, რომ ეს ჩემი უსაყვარლესი გუნდია

გია ცეცაძემ „სამტრედია“ ჩაიბარა – სამწლიანი აპუზის შემდეგ 46 წლის სპეციალისტი ისევ გაწვრთნის გუნდს, რომელმაც ჩემპიონობას ერთადერთხელ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია.

ცეცაძემ, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ორი წელი ავარჯიშებდა, საქართველოს პირველ არხთან იმ მოტივზე ილაპარაკა, რის გამოც „სამტრედია“ ჩაიბარა.

„რას მივაწეროთ „სამტრედიას“ ჩაბარება? იმას, რომ ეს „სამტრედიაა“ – საქართველოში ჩემი უსაყვარლესი გუნდი. მესმის, რომ წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლასა და მაღალ მიზნებზე ლაპარაკი არ იქნება, მაგრამ ფეხბურთი ხომ ჩვენთვის მხოლოდ სამსახური არაა, ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ეს კი გულშემატკივრებისგან ყველაზე მეტად სწორედ „სამტრედიაში“ მუშაობის დროს შევიგრძენი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გია ცეცაძემ.

„სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელის თქმით, მოლაპარაკებებზე სამ ძირითად საკითხზე შეთანხმდა:

„ხელმძღვანელობა შემხვდა, დავილაპარაკეთ და აბსოლუტურად ყველაფერზე შევთანხმდით. უპირველესად, ეს ეხება მიდგომებს – მიზნებს, მისი მიღწევის საშუალებებსა და ადამიანურ რუსურსს. ამ სამ კომპონენტს მე დიდი ყურადღებას ვაქცევ. საშუალებებში მე ხელფასს არ ვგულისხმობ, სხვა უამრავი რამაა“.

სეზონის დაწყებამდე დარჩენილი მცირე დროის მიუხედავად, ცეცაძე გუნდის სრულყოფილად დაკომპლექტებას იმედოვნებს:

„დაკომპლექტება იმ დღიდან დავიწყეთ, როდესაც გუნდს შევუთანხმდი. ჩვენი ხელმძღვანელობა ქართულ ფეხბურთში უცხო ხალხი არაა, წარმატებულად საქმიანობს. თითქმის ყველა პოზიციაზე ბალანსი გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ დაკომპლექტებულები ვართ, ფეხბურთელებს კი მალე წარვადგენთ“.