გია ცეცაძე - „სამტერდია“ გაძლიერდა და უკეთესია, ვიდრე სეზონის დასაწყისში #1TVSPORT
გია ცეცაძე - „სამტერდია“ გაძლიერდა და უკეთესია, ვიდრე სეზონის დასაწყისში #1TVSPORT

„სამტრედიამ“ თურქული შეკრება დაასრულა და მზადებას საქართველოში განაგრძობს. მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ცალსახად ვიტყვი – პირველი წრე რომ დავასრულეთ, იმასთან შედარებით გაცილებით უკეთესად ვართ. ეს თურქულმა შეკრებამ და რა თქმა უნდა, ახალმა ფეხბურთელებმა განაპირობეს – ყველა ხაზში კვალიფიციური მოთამაშეები მოვიდნენ, რომლებმაც გაგვაძლიერეს. მიმაჩნია, რომ სეზონის დარჩენილი პერიოდი გაცილებით ნაყოფიერი უნდა გამოვიდეს და უკეთესი გუნდი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გია ცეცაძემ.

მისი თქმით, გუნდი ბოლო პოზიციაზე ყოფნის მიუხედავად, ბევრად უკეთეს ადგილს იმსახურებს:

„ჩვენ რომ სეზონს თავიდან ვიწყებდეთ და შეკრება გავლილი გვქონდეს, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით და გაცილებით უკეთესი ადგილებისთვის ვიბრძოლებდით. ყველამ იცის, რომ წლის დასაწყისში ეს ვერ მოხერხდა. თუმცა, შემდეგ ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო სტაფმა ბევრი რამ შევცვალეთ და ამ შეკრების შემდეგ გაცილებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა“.

ეროვნულ ლიგას „სამტრედია“ 8 აგვისტოს 22-ე ტურის შეხვედრით გააგრძელებს. გია ცეცაძის გუნდი ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება: „ბათუმის „დინამო“ რომ კარგი გუნდია, რად უნდა ამას ლაპარაკი. კონტრასტია – ისინი პირველზე არიან, ჩვენ კი ბოლოზე, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ბათუმთანაც ასე იქნება“.