გია ცეცაძე - ქუთაისის „ტორპედოს“ წარმატების რწმენა გვქონდა და ამიტომ მოვიგეთ #1TVSPORT
გია ცეცაძე - ქუთაისის „ტორპედოს“ წარმატების რწმენა გვქონდა და ამიტომ მოვიგეთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ მარტვილის „მერანთან“ მოგებული უმძიმესი ორმატჩიანი პლეი ოფი შეაფასა, გუნდსა და გულშემატკივრებს კი მადლობა გადაუხადა.

„ვულოცავ ყველა ქუთაისელ გულშემატკივარს, ეს ღმერთის წყალობა იყო და მადლობა ღმერთს, რომ დღეს მოვიგეთ. ეს გამარჯვება ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომელთა თავდადებაც წარმოუდგენელი იყო. მათ საკუთარი თავის რწმენა ჰქონდათ – და თუ ამასთან ერთად განწყობაც სათანადოა, ამას შედეგი ყოველთვის მოაქვს. ამის გამოცდილებაც მაქვს და ეს ბიჭებს გასახდელში ვუთხარი და ყველაზე კარგად ეს გაიგეს. მადლობა მათ, რომ ეს გაიგეს. შესაბამისი შედეგიც გვქონდა“, – განაცხადა გია ცეცაძემ.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდმა დამსახურებულად მოიგო:

„ხარვეზები, რა თქმა უნდა, გვქონდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს მატჩი შემთხვევით არ მოგვიგია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მარტვილის „მერანი“ და მისი მწვრთნელი. მათ წარმატება მინდა ვუსურვო“.

ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი მატჩი 0:2 წააგო და მხოლოდ სამბურთიანი უპირატესობით მოგება აწყობდა. ქუთაისელებმა ეს მოახერხეს, „მერანი” 3:0 დაამარცხეს, ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგეს (0:2, 3:0) და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

გია ცეცაძემ სეზონი „სამტრედიაში“ ჩაატარა, მაგრამ გუნდი ოქტომბერში დატოვა, ნოემბერში კი, სეზონის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე ქუთაისის „ტორპედო“ ჩაიბარა.