გია ცაგარეიშვილი - ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, მიხეილ სააკაშვილი, რომლის პირდაპირ მითითებითაც აწამებდნენ პატიმრებს, ახლა წუწუნებს, თითქოს მისი უფლებები ირღვევა
გია ცაგარეიშვილი - ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, მიხეილ სააკაშვილი, რომლის პირდაპირ მითითებითაც აწამებდნენ პატიმრებს, ახლა წუწუნებს, თითქოს მისი უფლებები ირღვევა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, დარღვევა რომ ყოფილიყო, სტრასბურგის სასამართლო თვალს არ დახუჭავდა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჩივარს განსახილველ საქმეთა სიიდან არ ამორიცხავდა.

ცაგარეიშვილის თქმით, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, მიხეილ სააკაშვილი, რომლის პირდაპირ მითითებითაც აწამებდნენ პატიმრებს, ახლა წუწუნებს, თითქოს მისი უფლებები ირღვევა.

„ხომ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი იყო ხმაშეწყობილად, შეგნებულად აგორებული კამპანია რომელშიც, სამწუხაროდ, ისეთი ინსტიტუციებიც, როგორიც თუნდაც სახალხო დამცველია, სრულიად შეგნებულად იყო ჩართული. ყველა ესენი ერთად ქმნიდნენ ისეთ სურათს, თითქოს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმარს, ადმინისტრაცია საპატიმროში და ზოგადად, სახელმწიფო ექცეოდა ძალიან მძიმედ, ცუდად, არღვევდნენ მის უფლებებს, რაც აღმოჩნდა სიყალბე და სიცრუე. საერთოდ, ცოტა ღიმილისმომგვრელია, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გამოირჩეოდა მათ შორის პატიმრების უფლებების უხეში დარღვევით მთელი ცხრა წლის განმავლობაში, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი იყო; გამოირჩეოდა იმით, რომ პირდაპირ მისი მითითებით აწამებდნენ ადამიანებს ციხეში, ახლა წუწუნებს იმაზე, რომ თურმე, მისი უფლებები ირღვევა. არავინ მის უფლებებს არ არღვევს, ეს არის გამორიცხული და თითიდან გამოწოვილი, რაც უნდა მისი გულშემატკივარი იყოს ვინმე – ფოტიგა, ევროდეპუტატი ან ვინმე სხვა საქართველოში, არაფერი აქედან არ გამოვიდა. ხომ ხედავთ, სასამართლომ სასარჩელო განცხადებების სიიდანაც ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, თითქოს მისი უფლებები ირღვეოდა საპატიმროს ადმინისტრაციის მიერ. არც კი განიხილა ეს საკითხი. რაზე უნდა ვისაუბროთ, აქ რომ რამე დარღვევა ყოფილიყო, სტრასბურგის სასამართლო თვალს დახუჭავდა?“ – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ერთი პატიმარი მრავალთაგან და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 2022 წელი არ არის 2008 წელი, არც 2006 და 2012, როცა ხალხს სულს აძრობდნენ ქართულ ციხეებში, ტანჯავდნენ, ხოცავდნენ და მამაკაცებს აუპატიურებდნენ ვინმე მუხაძე და მეგის ქარდავა გლდანის საპატიმროში; ეს დრო ჩაბარდა წარსულს. სააკაშვილი არის ერთი პატიმარი და ასეთი პატიმარი ჩვენ ბევრი გვყავს, დაახლოებით 10 000, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს. იგი ბოლომდე მოიხდის სასჯელს იმ პირობებში, რა პირობებიც არის პატიმრისთვის განკუთვნილი, არაფერი აქედან არ გამოვიდა და არც გამოვა, გამორიცხულია; მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ოთხი თუ ხუთი თვის განმავლობაში, რაც სასჯელს იხდის, 600-მდე ვიზიტი განხორციელდა მასთან, წარმოგიდგენიათ? ვინც თავისუფლები ხართ, დადიხართ, სადაც გინდათ, 600 ადამიანი ნანახი გეყოლებათ? ეჭვი მეპარება. აი, მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და 600 ადამიანს შეხვდა ციხეში, რა უფლებების დარღვევაზეა ლაპარაკი და იმ 600-დან ერთმა ვერ გამოიტანა ამბავი, რომ კლავენ ადამიანს და ასახიჩრებენ, ერთმა? დედამისმა განსაკუთრებით, ვერ გამოიტანა ამბავი, რომ ტანჯავენ, აწამებენ და გვემაშია ეს ადამიანი. ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მისთვის განსაკუთრებით. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის, მისი გულშემატკივრების, ფოტიგების, გიგაურებისა და ლომჯარიების გასაგონად ვამბობ ამას ხაზგასმულად, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც არის კანონის წინაშე თანასწორი და ასეც იქნება, ასე დასრულდება ბოლომდე მისი სასჯელის ვადა“, – განაცხადა გია ცაგარეიშილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მოპყრობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება მისივე მიმართვის საფუძველზე შეწყვიტა.