გია ბარამიძე - მთავარი ფრაზა, ნიკა მელიას რასაც ედავებიან, არის, მშვიდობიანად და ხელებაწეული შევიდეთ პარლამენტშიო
გია ბარამიძე - მთავარი ფრაზა, ნიკა მელიას რასაც ედავებიან, არის, მშვიდობიანად და ხელებაწეული შევიდეთ პარლამენტშიო

მთავარი ფრაზა, ნიკა მელიას რასაც ედავებიან, არის, მშვიდობიანად და ხელებაწეული შევიდეთ პარლამენტშიო, – გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გია ბარამიძემ.

„კომიტეტების სხდომაზე ყველამ დაინახა, რომ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია ნიკა მელიასთან მიმართებით. მოიყვანეს ე.წ. მოწმეები, ცრუ მოწმეები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი „ქართულ ოცნებასთან“ ან პოლიციასთან, რადგან არანაირი რეალური ფაქტი და მტკიცებულება არ გააჩნიათ, რასაც ედავებიან ნიკა მელიას, თითქოს ძალადობას აორგანიზებდა და ხელმძღვანელობდა.

მთავარი ფრაზა, რაც ჩაწერილი აქვთ, ისაა რომ ნიკა მელიამ თქვა, მშვიდობიანად და ხელებაწეული შევიდეთ პარლამენტშიო. თუკი გავრილოვს შეეძლო პარლამენტში შესვლა და სკამზე წამოსკუპება, საქართველოს მოქალაქეებს რატომ არ უნდა შეეძლოთ იქ შესვლა და ამით რა სახელმწიფო გადატრიალება დატრიალდებოდა? წარმოდგენაც არ აქვთ, რას ბოდავენ. დათვის ტყვიების სროლა დაავალეს სამართალდამცველებს, ყველაფერი გააკეთეს პოლიტიკური ტერორისთვის, მაგრამ მიიღეს უკუქმედება და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები ხელისუფლების აგონიის ბოლო ეტაპია.

„არ გამოვრიცხავ, გამომდინარე იმ ფიასკოდან, რომელიც განიცადეს კომიტეტის ფარგლებში, პარლამენტის სხდომაზე დეპუტატების გარკვეულ რაოდენობას სინდისმა არ მისცეს საშუალება, რომ სამარცხვინო ნაბიჯი გადადგან, თუმცა ამ ხალხისგან გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.