ღუდუშაურის კლინიკაში ადვოკატებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულეს
ღუდუშაურის კლინიკაში ადვოკატებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ადვოკატებმა ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულეს. უფლებადამცველების  განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით გაუარესდა.

მის ძმას კი, თორნიკე მამალაძეს დღეს არ მიეცა დეკანოზის მონახულების შესაძლებლობა.

როგორც ადვოკატი მია ზოიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, დეკანოზს გადაადგილება უჭირს და მეტყველება გაუარესებული აქვს.

„მამა გიორგისთან ადვოკატები ვიყავით შესულები. სამწუხაროდ, მისი ძმა თორნიკე არ შეუშვეს. მე ვადარებ წინა დღეების მდგომარეობას, თუ როგორ გვეკონტაქტებოდა. დღეს უფრო ცუდად გრძნობდა თავს. როგორც თვითონ გვითხრა,  იყო გადაყვანილი „ავერსის“ კლინიკაში დამატებითი კვლევებისთვის. ექიმს ჯერ არ უთქვამს პასუხი. როგორც გვეუბნებიან, ჯერ არ არის გაშიფრული, თუმცა, დეკანოზს „ავერსში“ უთხრეს, რომ გარკვეული ცვლილებებია. თვითონაც თავს უფრო ცუდად გრძნობს, ვიდრე წინა დღეებში. საბოლოო პასუხები ცნობილი არ არის, მაგრამ მეტყველება დღეს უფრო უჭირს, ვიდრე წინა დღეებში. ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, საპირფარეშოშიც კი ვერ შედის. ჩვენი შიშები უკავშირდება იმას, რომ როდესაც მას გადაიყვანენ მატროსოვზე, ვინ მოუვლის, როგორ უნდა შეძლოს გადაადგილება და ფუნქციონირება. იქ არავითარი პირობა არ არის იმისთვის, რომ ადამინმა ასეთი დიაგნოზით იცხოვროს. ასევე შიში გვაქვს ,რომ ინსულტის გამეორების შემთხვევაში, შიძლება ძალიან მძიმე შედეგები დადგეს. დღეს, სამწუხაროდ, მონახულებასთან დაკავშირებით მოგვიწია გარკვეული კამათი. შეზღუდული იყო მისი ნახვის საშუალება, გვთხოვდნენ, რიგ-რიგობით შევსულიყავით მე და გიორგი ფანცულაია. მას შემდეგ, რაც მწვავე კომენტარები გაკეთდა სამედიცინო პერსონალთან მიმართებაში, შეზღუდეს ადვოკატებთან კომუნიკაცია. ეს არის საავადმყოფოს გადაწყვეტილება. პენიტენციურ დაწესებულებასთან არ გვაქვს არანაირი პრობლემა“,-

თორნიკე მამალაძის განმარტებით, ძმის ნახვის უფლებას დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ აძლევენ, თუმცა საპატრიარქოს წარმომადგენელი მამა გიორგისთან საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.

„გუშინ შემიშვეს უპრობლემოდ, არანაირი შეზღუდვა არ მქონია. ვესაუბრე ჩემს ძმას. დღეს ბადრაგის თანამშრომელმა არ შემიშვა და მითხრა, ციხის ადმინისტრაციის ბრძანება არისო. დაუკავშირდი მატროსოვის ციხის უფროსს. სამწუხაროდ, მანაც უარი თქვა, მომენახულებინა ძმა და გადამამისამართა ისევ ბადრაგის თანამშრომლებთან. თუ გუშინ შეიძლებოდა ჩემი შესვლა, დღეს რატომ არ შეიძლება. როგორც მეუბნებიან, გადაწყვეტილებას უკავშირებენ ჩემი ძმის მდგომარეობას, თუმცა სამწუხარო ის ფაქტი არის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენელი საათი 15 წუთი იყო შესული. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც იგივე უფლებები აქვს, რაც მე. ვუთხარი, რომ ნერვიულობენ ოჯახის წევრები, ნერვიულობს მამა, გიორგის დედა, რომელიც არის საზღვარგარეთ, მაგრამ მაინც არ მომცეს ჩემი ძმის ნახვის უფლება. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, ისინი ცდილობენ, შეზღუდონ დეკანოზის კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, რაც გულდასაწყვეტია”, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.