ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა
ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა

ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა.

იორდანიაში დედაქალაქის, ამანის დასავლეთ ნაწილში ქუჩებში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. იორდანელები ამანში ისრაელის საელჩოში შეჭრას ცდილობენ, რა დროსაც შეტაკება მოხდა მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის. აქციის დასაშლელად იორდანიის უშიშროების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დემონსტრაციები გაიმართა ლიბანშიც, სადაც აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოსთან სცადეს უსაფრთხოების ბარიერების გარღვევა.

მედიის ცნობით, ერაყში მომიტინგეებმა სცადეს ხიდის გადაკვეთა, რომელიც მწვანე ზონამდე მიდის, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა მათ ხელი შეუშალეს. ბაღდადის მწვანე ზონაში განთავსებულია ერაყის მთავრობის ოფისები და რამდენიმე საელჩო, მათ შორის აშშ-ის საელჩო.

საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა თეირანში საფრანგეთისა და ბრიტანეთის საელჩოებთან.
დემონსტრაციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ისპაჰანსა და ყუმში.