ღაზას სექტორში სპეცრაზმსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას 500-მდე ადამიანი დაშავდა, ოთხი დაიღუპა
ღაზას სექტორში სპეცრაზმსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას 500-მდე ადამიანი დაშავდა, ოთხი დაიღუპა

ღაზასა და ისრაელის საზღვარზე აღმართულ მავთულხლართებთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ოთხი პალესტინელი დაიღუპა. აქცია ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმსა და აქტივისტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 500-მდე ადამიანი დაშავდა. მათ შორის ტელეკომპანია Al Jazeera-ს ფოტორეპორტიორი. დაშავებულებს შორის 26 მოზარდი და 14 ქალია.

მიმდინარე აქცია 2018 წლის 30 მარტს დაწყებული ე.წ. დაბრუნების მარშის გაგრძელებაა. პალესტინელები ამ ფორმით ისრაელის სახელმწიფოს შექმნას აპროტესტებენ. მათი მოსაზრებით, ისრაელმა 1948 წლიდან დღემდე პალესტინური მიწის ოკუპაცია მოახდინა, რის შედეგადაც 700 ათასზე მეტი ადამიანი დღემდე დევნილობაშია.

30 მარტიდან დღემდე 13 ათასამდე ადამიანი დაშავდა, 100-ზე მეტი დაიღუპა. ყველაზე დიდი მსხვერპლი 15 მაისს იყო, როცა ვაშინგტონის მიერ ისრაელის დედაქალაქად აღიარებულ იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გაიხსნა. მაშინ შეტაკებებს ორ დღეში 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელის მთავრობამ ღაზას სექტორში დესტაბილიზაციის პროვოცირებაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ირანის მთავრობა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ხელით ისრაელის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. ორი დღის წინ, 7 ივნისს ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში სპეციალური ბარათები ჩამოყარა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ გზავნილს შეიცავდა. ისრაელის მთავრობამ პალესტინელებს მოუწოდა, არ იქცნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ იარაღად და არ მიიღონ მონაწილეობა მორიგ საპროტესტო აქციებში. გაფრთხილების მიუხედავად, აქცია საზღვარზე აღმართულ მავთულხლართებთან მაინც გაიმართა.