ღაზას სექტორის საზღვარზე მოკლულ პალესტინელებზე გაკეთებული განცხადებების გამო ისრაელის ელჩი ბელგიის საგარეო უწყებაში დაიბარეს
ღაზას სექტორის საზღვარზე მოკლულ პალესტინელებზე გაკეთებული განცხადებების გამო ისრაელის ელჩი ბელგიის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ღაზას სექტორის საზღვარზე მოკლულ პალესტინელებზე გაკეთებული განცხადებების გამო ისრაელის ელჩი სიმონა ფრანკელი ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელე-რადიოკომპანია RTBF ავრცელებს.

„ნებისმიერის გაგება შეიძლება, თუმცა საზღვრებიც არსებობს“, – ასე გამოეხმაურა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი ისრაელის ელჩის განცხადებას.

ღაზას სექტორის საზღვარზე შეტაკებისას გარდაცვლილ პალესტინელებს სიმონა ფრანკელმა ტერორისტები უწოდა.

„ძალიან მეცოდება თითოეული მოკლული ადამიანი მაშინც კი, თუ ისინი ტერორისტები არიან. 55 ტერორისტი მიუახლოვდა გამყოფ ჯებირს და ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა სცადა“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

„იმის მოსმენა, რომ ყველა გარდაცვლილი ადამიანი ტერორისტი იყო – ჩემი გაგების საზღვრებს სცდება“, – განაცხადა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. რეინდერსმა აღნიშნა, რომ 14 მარტს მომხდარი შეტაკების დროს დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაგმო ისრაელის მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება. რეინდერსის თქმით, ისრაელის მხრიდან მსხვერპლი არ ყოფილა.

ღაზას სექტორის საზღვარზე ისრაელის სამხედროებთან შეტაკების დროს 59 ადამიანი დაიღუპა, 2 700 კი დაშავდა. უმეტესობას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიღებული.