გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა
გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა. ექსპერტ-კრიმინალისტები საგანგებოდ დადგმულ კარავში გათხრის სამუშაოებს აწარმოებენ.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ ი. ნ.-ს მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე გუშინ დაიწყო.

„უკვე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ი. ნ.-მ ბავშვის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მითითებული ტერიტორიის შემოწმება. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადეს უწყებაში.

ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.