გერმანული მედია - დაქვეითების მიუხედავად, ლორია გამორჩეული იყო
გერმანული მედია - დაქვეითების მიუხედავად, ლორია გამორჩეული იყო

გიორგი ლორიას „მაგდებურგისთვის“ დასრულებული სეზონი წარუმატებელი გამოდგა – გუნდი მეორე ბუნდესლიგიდან მესამეში დაქვეითდა და გუნდს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია დატოვებს.

თუმცა, „ვოლკსტაიმი“ (volksstimme.de) წერს, რომ ის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

„დაქვეითების მიუხედავად, „მაგდებურგში“ იყო რამდენიმე ნათელი წერტილი, რომლებმაც სასიამოვნოდ გაგვაოცეს. გუნდში სულ 28 ფეხბურთელმა ითამაშა, მათ შორის, სამი მეკარე იყო. ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი ლორია გახლდათ. ქართველი მეკარე გუნდში ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარის“ დროს „ბრაუნშვაიგში“ დაბრუნებული იასმინ ფეიზიჩის შემცვლელად აიყვანეს. ლორია სწრაფად გახდა „მაგდებურგის“ პირველი მეკარე. 33 წლის ქართველი ასხივებდა სიმშვიდეს, 11 შეხვედრა ჩაატარა და კარს საიმედოდ იცავდა. თუმცა, ტრავმების გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა. მან სეზონის შემდეგ კლუბი კვლავ დატოვა“, – წერს გერმანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსული მედიის ცნობით, „მაგდებურგიდა“ წამოსული საქართველოს ნაკრების მეკარე კარიერას კვიპროსში თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გააგრძელებს.