გერმანული, ინგლისური და ნიდერლანდური კლუბები — ოთარ კაკაბაძისადმი ინტერესი იზრდება #1TVSPORT
გერმანული, ინგლისური და ნიდერლანდური კლუბები — ოთარ კაკაბაძისადმი ინტერესი იზრდება #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძის მიმართ ინტერესს გერმანიის, ინგლისისა და ნიდერლანდების კლუბები იჩენენ, — ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

პორტალის SportoweFakty ინფორმაციით, „კრაკოვიას“ ქართველი მარჯვენა მცველის შეძენით მეორე ბუნდესლიგის ორი და ინგლისის ჩემპიონშიფის ერთი გუნდი დაინტერესდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინტერესის ფონზე კაკაბაძემ „კრაკოვიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

Goal-ის პოლონური ბიუროს ცნობით, ტრანსფერი რეალურია, რადგან უცხოური კლუბების წარმომადგენლები „კრაკოვიას“ მატჩს სწორედ ოთარ კაკაბაძის თამაშზე დაკვირვების მიზნით დაესწრნენ.

„პოზნანში გამართულ პოლონეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრას გერმანული და ნიდერლანდური კლუბების სკაუტები დაესწრნენ. მათი მიზანი კაკაბაძის თამაშის შეფასება იყო. 29 წლის ფეხბურთელმა პოლონური გუნდის მაისურით უკვე 73 შეხვედრაში იასპარეზა და თავისი კარგი თამაშით თავი დამაჯერებლად წარმოაჩინა“, — წერს პოლონური გამოცემა.

ოთარ კაკაბაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი სტაბილური წევრია. ის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზეც თამაშობდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიული წარმატება მიაღწია — ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში გავიდა.

კაკაბაძე „კრაკოვიაში“ 2021 წლის ივლისიდან თამაშობს. მანამდე ის ესპანურ „ტენერიფეში“ ასპარეზობდა. ამ დროისთვის პოლონურ გუნდში ის კაპიტანია. ბოლო სეზონში კაკაბაძემ 27 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.