გერმანული გამოცემა - ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოთამაშეა, მაგრამ, შესაძლოა, „კარლსრუედან“ წავიდეს #1TVSPORT
გერმანული გამოცემა - ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოთამაშეა, მაგრამ, შესაძლოა, „კარლსრუედან“ წავიდეს #1TVSPORT

წარმატებული თამაშის მიუხედავად, ბუდუ ზივზივაძის დარჩენა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „კარლსრუეში“ გადაწყვეტილი არაა. ამის შესახებ წერილს გერმანული გამოცემა liga-zwei-ი აქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობის სამი მოთამაშე დააკლდა, „კარლსრუემ“ კვირას დაუმარცხებელი შეხვედრების სერია ხუთ მატჩამდე გააგრძელა და „ელვერსბერგთან“ 3:2 გაიმარჯვა.

მწვრთნელის, კრისტიან ეიხნერის გუნდი ჯერ სასურველ მდგომარეობაში აშკარად არ არის, თუმცა, შესაძლებელია, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცვლილებები მოხდეს. საამისოდ „კარლსრუეს“ ექნება ფინანსური რესურსები, როგორც უკვე განაცხადა სპორტულმა დირექტორმა, სებასტიან ფრეისმა.

ვინმეს წასვლა ნაკლებად სავარაუდოა, თუ გავითვალისწინებთ „კარლსრუეს“ შედარებით მცირე სათადარიგოთა „სკამს“. მწვრთნელმა „ელვერსბერგთან“ თამაშის წინა დღეს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კლუბს სამი თავდამსხმელიდან (ფაბიან შლაიზნერი, იგორ მატანოვიჩი და ბუდუ ზივზივაძე) არავინ დატოვებს და ახალ შემტევსაც დაიმატებენ.

აიხნერის პასუხი კონკრეტულად ზივზივაძეს ეხებოდა, რომელმაც მომავალთან დაკავშირებით არაფერი გამორიცხა: „მე „კარლსრუესთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე მაკავშირებს და ჯერ არსად წასვლაზე ვფიქრობ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

ზივზივაძის შესახებ სპეკულირება ასევე ეფუძნება იმას, რომ ქართველი ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში უკმაყოფილო იყო თავისი სათამაშო დროით და მის მიმართ დამოკიდებულებითაც.

29 წლის ფეხბურთელს „ელვერსბერგის“ წინააღმდეგ კვლავ ძირითად შემადგენლობაში თამაშის უფლება მიეცა და ნდობა გატანილი გოლითა და საგოლე პასით გაამართლა. სულ რაღაც 486 წუთში ზივზივაძემ უკვე ხუთი გოლი გაიტანა, ამით კი მეორე ბუნდესლიგაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური მოთამაშეა.

მიუხედავად იმისა, რომ აიხნერმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება ზივზივაძის მონდომებით ვარჯიშზე, ის, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სეზონის მეორე ნახევარში, მაგრამ თუ იანვარში ახალი თავდამსხმელი მივა და ზივზივაძეს 2024 წლის პირველ თამაშებში სათადარიგოთა სკამზე დააბრუნებენ, ის, შეიძლება, წავიდეს“, – წერს გერმანული გამოცემა.