გერმანული გამოცემა – ლუკა ლოჩოშვილს შეუძლია, „კიოლნში“ შეიტანოს მენტალიტეტი, რომელიც გუნდს აქამდე აკლდა #1TVSPORT

08:58, 14.07.2026

ლუკა ლოჩოშვილი „კიოლნს“ დაცვაში ძლიერ მენტალიტეტს შესძენს, – ასე წარუდგინა გულშემატკივრებს გერმანიის ბუნდესლიგის გუნდის ახალწვეული გამოცემა comunio.de-ს ჟურნალისტმა, დანიელ იუნკერმა.

„ლუკა ლოჩოშვილი ძლიერი, მარცხენა ფეხით მაღალ დონეზე მოთამაშე ცენტრალური მცველია. ხასიათით, მეორე „სართულზე“ ორთაბრძოლების მოგების უნარითა და ფიზიკური მონაცემებით ის ჩვენს დაცვას დამატებით სტაბილურობას შესძენს“, – ასე დაახასიათა ქართველი ლეგიონერი „კიოლნის“ მმართველმა დირექტორმა, თომას კესლერმა.

გასულ სეზონში ლოჩოშვილი შთამბეჭდავი იყო, როგორც ბომბარდირი – 1,92 მეტრი სიმაღლის მოთამაშემ „ნიურნბერგში“ ხუთი გოლი გაიტანა, აქედან სამი – თავით. მან ასევე ოთხი გოლი გაიტანა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 32 მატჩში.

საკლუბო დონეზე მას საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია – უთამაშია „დინამო თბილისში“, „ვოლფსბერგერში“, „კრემონეზესა“ და „სალერნიტანაში“. თუმცა 28 წლის ფეხბურთელმა ყველაზე დიდ წარმატებას „ნიურნბერგში“ ჩატარებული შესანიშნავი სეზონის წყალობით მიაღწია. შედეგად, მისი საბაზრო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა და „კიოლნმა“ მის სანაცვლოდ თითქმის 5 მილიონი ევრო გადაიხადა. მას შეუძლია, გუნდში შემოიტანოს ის მენტალიტეტი, რომელიც „კიოლნს“ აქამდე აკლდა. ლოჩოშვილი სასურველ მოთამაშედ ითვლება და მისგან ლიდერული თვისებების გამოვლენას ელიან.

„ის არავის აძლევს უფლებას, ხმას აუწიოს. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში ასეთი ხასიათის ფეხბურთელი გვყავდეს – ადამიანი, რომელსაც მოედანზე ცვლილებების შეტანაც შეუძლია. ვფიქრობ, „კიოლნს“ ბოლო დროს სწორედ ასეთი მოთამაშე აკლდა“, – თქვა „კიოლნის“ მწვრთნელმა, რენე ვაგნერმა.

ქართველის საბაზრო ღირებულება 3 მილიონი ევროა. ლოჩოშვილს შეუძლია, ეს მაჩვენებელი შეინარჩუნოს და სეზონის დაწყების შემდეგ გაზარდოს, თუკი თავის საგოლე პოტენციალს სრულად გამოავლენს. გასულ სეზონში ხომ ის მეორე ბუნდესლიგის რიგით მეორე საუკეთესო მცველი იყო“, – წერს გამოცემა ქართველი ფეხბურთელის შესახებ.

მსგავსი