გერმანული გამოცემა - დირკ შუსტერმა, რომელიც ამჟამად საქართველოში მუშაობს, მიონხენგლადბახის „ბორუსიის“ შეთავაზებაზე უარი თქვა #1TVSPORT
დირკ შუსტერმა ბუნდესლიგის გუნდის, მიონხენგლადბახის „ბორუსიის“ მთავარ მწვრთნელობაზე უარი განაცხადა – ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელზე ინფორმაციას გერმანული გამოცემა dieblaue24 ავრცელებს.
„მიონხენგლადბახის „ბორუსიის“ ახალი მწვრთნელის პოსტზე საშა ჰილდმანის კანდიდატურა განიხილება. სხვა მწვრთნელები სერიოზულ კანდიდატებად არც კი მიიჩნევიან.
მაგალითად, დირკ შუსტერმა, რომელიც ამჟამად საქართველოში, ქუთაისის „ტორპედოში“ მუშაობს, ცოტა ხნის წინ უარი თქვა ბუნდესლიგის ბოლო ადგილზე მყოფი გუნდის შეთავაზებაზე“, – ამტკიცებს გამოცემა dieblaue24.
ქუთაისის „ტორპედოს“ არაოფიციალური გვერდის ცნობით, შუსტერი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე კარიერული ცვლილებები არ სჭირდება და გლადბახში მუშაობაზე უარი ქუთაისის „ტორპედოსთან“ ხანგრძლივი თანამშრომლობის სურვილით დაასაბუთა. მას ქართულ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე აკავშირებს.