გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, ფლორიან ვირცმა „ბაიერნში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და „ლევერკუზენის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ფლორიან ვირცმა მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ვირცმა მთავარ მწვრთნელს, ხაბი ალონსოს აცნობა, რომ მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნის“ შეთავაზებაზე ფიქრობს და სხვა ვარიანტებს არ განიხილავს. მისით „მანჩესტერ სიტი“ და მადრიდის „რეალიც“ ინტერესდებოდნენ.
22 წლის ფეხბურთელი ლევერკუზენის „ბაიერში“ 2020 წლიდან ირიცხება. ამ დროის მანძილზე გუნდის რიგებში 195 შეხვედრა ჩაატარა და 57 გოლი გაიტანა.
გასულ სეზონში ფლორიან ვირცი გუნდს ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მოგებაში დაეხმარა. მისი სატრანსფერო ფასი, Transfermarkt-ის მიხედვით, 140 მილიონი ევროა.