გერმანიის წვიმიანი გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო
გერმანიის წვიმიანი გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო

წვიმიანი ამინდის წყალობით, გერმანიის გრანპრი ამ სეზონის ყველაზე არაპროგნოზირებადი და სანახაობრივი რბოლა აღმოჩნდა. ტრასაზე სამჯერ გავიდა უსაფრთხოების ავტომობილი და ექვსჯერ ამოქმედდა ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმი. საბოლოოდ, ამ ქაოსში გამარჯვება „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა.

სველ ტრასაზე ბოლიდები დაამტვრიეს ვალტერ ბოტასმა და შარლ ლეკლერმა, ასევე ვერ აიცილა თავიდან უხეში შეცდომები ჩემპიონატის ლიდერმა ლუის ჰემილტონმა, რომელსაც მანამდე რვა წვიმიანი რბოლა ჰქონდა მოგებული. თავიდან მოქმედმა ჩემპიონმა წინა ანტიფრთა დააზიანა, შემდეგ ხუთწამიანი სასჯელი მიიღო გზის მოჭრის გამო და საბოლოოდ, პელოტონის ბოლოში მოექცა.

პრაქტიკულად უშეცდომო იყო ფერსტაპენი, რომელმაც ლიდერობა დისტანციის შუაში მოიპოვა და ყოველ რესტარტზე იოლად ახერხებდა პირველობის შენარჩუნებას. ჰოლანდიელმა ბოლო სამ რბოლაში მეორედ მოახერხა გამარჯვება.

ფერსტაპენთან ერთად, ეტაპის გმირი აღმოჩნდა სებასტიან ფეტელი. მან ბოლო ადგილიდან აიღო სტარტი და მეორე მივიდა ფინიშთან. მე-14 სასტარტო პოზიციიდან ტოპ-სამეულში შეაღწია რუსმა დანიილ კვიატმა. ეს იყო 2008 წელს, ფეტელის მიერ იტალიის გრანპრის მოგების შემდეგ „ტორო როსოს“ ისტორიაში მეორე პოდიუმი.

მიუხედავად იმისა, რომ ჰემილტონმა ვერ შეძლო ქულათა ზონაში შესვლა, ბოტასის გამოვარდნის გამო, მან შეინარჩუნა საერთო ჩათვლაში 39-ქულიანი უპირატესობა.

შემდეგი რბოლა ოთხ აგვისტოს უნგრეთში გაიმართება.